ქიშო გლუნჩაძე

ქიშო გლუნჩაძე

"მე ვერ გასწავლი როკ-ნ-როლს,
მე ვერ ვიკისრებ ასეთ როლს,
მთელს ჩემს ცხოვრებას ვუთმობ მთლიანად ჭეშმარიტებას"

"სარეპეტიციო ოთახში გადავედი საცხოვრებლად.ძველი დროიდან მხოლოდ მოგონებები დამრჩა. ერთხელ შემთხვევით საქართველოს TV ვნახე მეგობრის ლეპტოპზე და სირცხვილით სად ჩავმძვრალიყავი არ ვიცოდი. ეგ სამყარო არ არის ჩემი. That's all. Sorry".

სტატიის დასაწყისში მოტანილ ამონარიდებს ერთმანეთისგან 20 წელი აშორებს. პირველი ქიშო გლუნჩაძის ალბათ ყველაზე უფრო ცნობილი სიმღერის ტექსტია, მეორე კი მის მიერ მოწერილი SMS-ის, რომელშიც ის ინტერვიუზე უარს გვითვლიდა.

ქიშოს ყოველთვის ქუჩაში გადავეყრებოდი ხოლმე. თბილისში არა, ნიუ იორკში. მგონი მეტროშიც კი შემხვედრია. მისი ტელეფონის ნომერი არ მქონია და არც მას ჰქონდა ჩემი. ასეთი გარანტირებული კონტაქტი ეტყობა არ გვჭირდებოდა. 1996 წელს ისთ ვილიჯში ვნახე, 1999 წელს ბრუკლინში. ერთხელ, ფული ვთხოვე და როცა მასესხა, თან ქინგს ჰაივეიზე რაღაც სამზარეულოში წამიყვანა, აქ ერთი აზერბაიჯანელი კაცი ყველაზე კარგ თევზის სუპს ამზადებსო. დამინახავს Barnes&Nobles წიგნების მაღაზიაში, როდესაც მთელი წელი კლასიკური მუსიკის და ოპერის შესწავლით იყო გართული. იატაკზე იჯდა ყურსასმენებით და თან ფოტოალბომებს ათვალიერებდა. მისი მეორე გატაცება ხომ ფოტოგრაფიაა, ასე მეუბნებოდა. 1985 წელს თბილისში ჩამოსული ბობ დილანის სურათიც გადაიღო. მწერალთა კავშირის შენობის წინ გაჩერებულ მანქანასთან მიიჭრა და სანამ დაცვა გონს მოეგებოდა, Mr. Dylan, I love you-ს ძახილით საკუთარი კერპი ფირზე აღბეჭდა. 

ალეკო ცაბაძე და ქიშო გლუნჩაძე ფილმის “ლაქა” გადაღებებზე, 1985

იმავე წელს მთავარი როლი შეასრულა ალეკო ცაბაძის ფილმში „ლაქა“. პერსონაჟს იდეალურად მოერგო. ფაქტობრივად საკუთარ თავს თამაშობდა. ფილმის გმირივით მასაც მშობლებთან მუდმივად კონფლიქტი ჰქონდა. საკუთარ სახლში ყოფნა არ უყვარდა. ვერ ძლებდა იმ კედლებში. სულ იმას ამბობდა, აქ ვიხრჩობიო. ერთ-ერთი ნერვული სტრესის დროს წარბებიც კი გაიპარსა. მისი გაცნობის შემდეგ ალეკომ ფილმის სცენარი შეცვალა. მთავარი გმირი მუსიკოსი გახდა, სიმღერა დაიწყო და ქიშო დაერქვა. თუმცა ქიშო მსახიობი არ იყო და საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, ალბათ ვერც ვერასდროს გახდებოდა. ერთხელ უბრალოდ გადაღებაზე არ მოვიდა. გლდანში მივაკითხე, თავის ნაშასთან იყო. ლამის შევჭამე, ისეთი გაცოფებული მივედი, დაჯდა სამზარეულოში და ტირილი დაიწყო, ცრემლიანი ტირილი – აღარ შემიძლია, დავიღალეო. მაინც წამოვიყვანე, შანსი არ იყო არ გადამეღოო, იხსენებს რეჟისორი.90-იანი წლების დასაწყისიდან, დადა დადიანთან და ლადო ბურდულთან ერთად, ქართული ალტერნატიული მუსიკალური სცენის წამყვანი ფიგურა გახდა. „ქიშო და ინტელიგენცია“ ასე ერქვა მის ჯგუფს, რომლისგანაც დღეს მხოლოდ დაღეჭილი კასეტიდან აციფრული რამდენიმე სიმღერა და ორიოდე ვიდეო დარჩა. „ყველა იცავს პირადულ ინტერესს, ყველა ცდილობს მიწვდეს რეალურ შანსს“ – 1995 წლის 9 იანვარს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შესრულებული ეს სიმღერა ბოლო აღმოჩნდა მისთვის საქართველოში. ქიშოს თვითმფრინავის ეშინოდა და ამერიკაში რომ გაფრინდა, ეს მისთვის ნამდვილი გმირობა იყო, მოსკოვში რომ დავდიოდით, სულ მატარებლით მატარებდაო, ჰყვება ლადო ბურდული.

ამერიკამდე ლონდონში აპირებდა წასვლას, მოტოციკლეტით. იყიდა კიდეც, თუ ვიღაცისგან ითხოვა. ყველას ეპატიჟებოდა ერთად წავიდეთო და ყველა უარით ისტუმრებდა. ეს ის მოტოციკლეტი იყო, რომლითაც სერგი გვარჯალაძესთან ერთად ზვიად გამსახურდიას მიაკითხა ქართული როკის მომავალზე სასაუბროდ. ქიშოს სჯეროდა, რომ ჩვენი დრო მოვიდა. ამბობდა, მთავრობას უნდა დაველაპარაკოთ, რომ მოგვხედონო. ეს ყველაფერი ახლა ძალიან გულუბრყვილოდ ჟღერს. მახსოვს, რომ  დიდი ჯაჭვით ვაბამდით მოტოციკლეტს და მაგარი გამურულები მივედით კოლხურ კოშკში. მივედით და ვუთხარით ახლა როკსაც მიხედეთ-თქო. გიჟებივით გვიყურეს და კულტურის მინისტრთან გაგვიშვეს, აღარ მახსოვს ვინ იყო, მაგრამ მანაც ბიუროკრატიულად მოგვიშორა – ეს უკვე სერგი გვარჯალაძის სიტყვებია.

 

ქიშო გლუნჩაძე და ლადო ბურდული, 1995 ფოტო: ბაკურ ბურდული

ამერიკაში დიდი იმედებით წავიდა, 200 ახალი სიმღერა მაქვსო ამბობდა. რამდენიმე წელი არაფერს აკეთებდა, ქართულენოვანი როკბალადები ნიუ იორკში არავის დააინტერესებდა. ჟანა აგუზაროვაც ხომ დაბრუნდა რუსეთში ხანმოკლე მცდელობის შემდეგ და არც პიოტრ მამონოვი მიუღიათ იქ სიხარულით. მაგრამ ქიშომ საქართველოში ცხოვრებას მაინც ამერიკაში ყოფნა ამჯობინა. „საქართველოს, ჩემო საყვარელო, არასდროს არაფერი ეშველება. იქ სამი ძმაკაცი დავტოვე, მაგრამ როგორც ვხედავ, ჩემს გარეშედაც კარგად არიან. თბილისში სიყვარულიც ტუფტა იყო და მეგობრობაც, ასე რომ …“

დიდი ხნის მერე, 2006 წელს როგორც იქნა ტელეფონები გავცვალეთ. შემოდგომის ერთ საღამოს დამირეკა და მეუბნება, ჟურნალ Marie Clair-ში ჩემზე 5 გვერდია დაბეჭდილიო. მე ვიფიქრე, რომ ქიშო გაგიჟდა. ნუ, ხომ შეიძლება, რომ ადამიანმა სტრესს ვერ გაუძლო. ძალიან შემაშფოთებელი ზარი იყო. ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა, მიმელოცა თუ დამეცინა – რა გამოაფხიზლებდა მას. იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი და უკვე წაკითხულიც მქონდა მის შესახებ Village Voice-ში დაბეჭდილი სტატია, რაც ასევე წარმოუდგენელი ამბავი იყო, ეს უკვე ზედმეტად შეშლილ ფანტაზიად აღვიქვი. ვუთხარი, წამოდი ერთად ვნახოთ, სად იყიდება-მეთქი, რაზეც სიხარულით დამთანხმდა.

იუნიონ სკვერზე შევხვდით. იქვე ახლოს, მე-14 ქუჩაზე გაზეთების და ჟურნალების დიდი მაღაზიაა არაბების მფლობელობაში და იქ მივედით. აი, ახლა გადამწყვეტი მომენტია, ქიშო თაროებზე ჟურნალს ეძებს, მერე გვერდებს ფურცლავს – მალე მთელი ძალისხმევის მოკრება დამჭირდება, რომ ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე მყოფ მეგობარს დავეხმარო. აი, ეს არის, – მეუბნება. ორივეს ხომ არ შეიძლება გვეჩვენებოდეს? გახარებული ვათვალიერებ ხუთგვერდიან სტატიას უხერხული სახელწოდების მქონე Pussy Rock Show-ს და მისი ქართველი ორგანიზატორის ქიშო გლუნჩის შესახებ.ამ ორიგინალური პროექტით, რომელიც ნიუ იორკის კლუბებში ფიმეილ ვოკალისტებიანი როკჯგუფების კონცერტების მოწყობას ითვალისწინებდა, ქიშო გლუნჩი დაუნთაუნის ყურადღების ცენტრში მოექცა. ვოკალისტი ქალებით გატაცება იმ დროიდან მოჰყვება, როდესაც მანჰეტენში უსაქმურობდა, ვაგნერის და შტრაუსის ოპერებს უსმენდა და ამბობდა, რომ ქალი მომღერლები ყველაზე კარგ მუსიკას ქმნიან. „ის შეპყრობილია ოპერით, მაისფეისით და იმედისმომცემი მომღერალი ქალებით“ – წერდნენ მის შესახებ პრესაში. წარმოუდგენელია, მაგრამ ქიშოს შოუქეისში 50-მდე ბენდი შედიოდა, მათ შორის – Psycho Syndrome, Pervs, Jungle Junkies, Bad Girlfriend, Past Mistress, Some Candy, Angelic Bombs. ჟურნალისტების შეფასებით, ქიშო ვიკინგს ჰგავდა – წითური თმით და კრემისფერი მბზინავი პალტოთი. ის ყვირილით პასუხობდა სატელეფონო ზარებს და ცოცხალი მუსიკის შესახებ ნიუ იორკში არსებული წარმოდგენების შეცვლას გეგმავდა – „ამ გოგონებმა MTV-ზე კრისტინა აგილერას ადგილი უნდა დაიკავონ. ანდერგრაუნდში ყოფნა დღეს სრული *ლეობაა, ისინი მეტს იმსახურებენ“. მაგრამ არც ქიშოს და არც მის მუსიკოსებს ჯერჯერობით ფული არ აქვთ. თუმცა ფული არ აქვთ მთლად სწორი გამოთქმა არ არის, მათთვის ფული და ხელოვნება ორი სხვადასხვა რამეა. ასეთი იყო ნიუ იორკი ყოველთვის.

Pussy Rock Show ქიშოსთვის როკმუსიკაში გამეფებული მაჩოიზმის და მისი კომერციალიზაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია იყო. „სამშობლოში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვიჯექი. 80-იანი წლები იყო და საქართველო კომუნისტური ქვეყანა იყო. დარბაზის მეპატრონემ მითხრა, არ მაინტერესებს რას დაუკრავ, შეგიძლია სცენაზე მოჯვა კიდეც, მე გავწმენდ, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, მინდა ფული დავთვალოო. ამას გამოვექეცი და ამერიკაში ჩამოვედი, მაგრამ აქაც იგივე დამხვდა“. თუმცა, როგორი რევოლუციური განცხადებებიც უნდა გაეკეთებინა, Pussy Rock Show მაინც ერთი ჩვეულებრივი ანდერგრაუნდ პროექტი იყო, რომელმაც უბრალოდ ჟურნალისტების ყურადღება მიიქცია. ნიუ იორკში ესეც წარმატებაა.

ამერიკაში ჩასვლიდან 16 წლის შემდეგ ქიშომ კიდევ ერთი პროექტი გააკეთა – Blue As Blue. ჯგუფი, რომელიც ინდი პოპ ჯაზისა და ბლუზის ნაზავს უკრავდა. ამ პროექტისთვის მას შესანიშნავი ვოკალისტი ქალი ჰყავდა, რეიჩელ ვულფი. მის საკონცერტო პროგრამაში ქიშოს შექმნილი 53 სიმღერა შედიოდა, ყველა ერთიმეორისგან განსხვავებული, ლამაზი და თითქოს ერთი ამოსუნთქვით დაწერილი. წინა პროექტისგან განსხვავებით, ამჯერად ქიშო გლუნჩაძის უნიკალური კომპოზიტორული ნიჭიც ნათლად გამომჟღავნდა. რაფინირებული და მოულოდნელი მელოდიები უწყვეტ ნაკადად მოედინება, როგორც მისი ცხოვრების ერთი სიმღერა. მის ტექსტებზე კი ადრე, თბილისში, კარლო კაჭარავა გიჟდებოდა. 

ქიშო გლუნჩაძე, N.Y.

ბოლო დროს სცენაზე თვითონ არასოდეს გამოდის. დარბაზში სადმე უკან ყოფნა და იქიდან მოსმენა უყვარს. ამჟამად რამდენიმე მუსიკალური პროექტი აქვს. ინტერესების ძირითადი სფერო ჯაზია, მაგრამ გულის სიღრმეში ორკესტრთან მუშაობა უნდა. „ატონალური მუსიკა, დიდი ორკესტრი, მანდ არის ჩემი ტვინი, მაგრამ იმდენად ძვირია, რომ შემიძლია მხოლოდ ვიოცნებო“. ერთხელ ჟურნალისტმა ჰკითხა, არ გერიდება, შენს პროექტს Pussy Rock Show რომ დაარქვიო? ქიშომ უპასუხა, ასეთი ცენზურა საბჭოთა კავშირში იყო, სცენიდან თუ რამე ასეთს იტყოდი, სირცხვილი იყო, რადგან იქ ახალგაზრდა გოგონები როკკონცერტზე ბებიებთან ერთად მოდიოდნენო. არ ვიცი, რამდენად მართალია ქიშოს პოზიცია. მისი მუსიკა, რომელიც საქართველოში ბრენდად ყოფნას გააგრძელებდა, ამერიკაში ჯერ მხოლოდ კარგი სიმღერებისგან შემდგარი, მაგრამ ცუდად დაფინანსებული და ჰაერივით აუცილებელ ყურადღებას მოწყურებული პროექტების სახით გვევლინება. გინდა თუ არა, ნიუ იორკია, აქ ადვილად ვერაფერს მიაღწევ, მით უმეტეს იმ ძველ უბრალოებას, რასაც ქიშო უკვე ამდენი წელია ეძებს. თუმცა ის მაინც ბედნიერია, რომ საშუალება აქვს საყვარელი საქმე აკეთოს. „ენერგია, რომელიც გვაკეთებინებს რასაც ვაკეთებთ, არასდროს არ მოგვცემს უფლებას რომ მოვისვენოთ. ყველაფერს მოევლება in the end. We Choose nothing, we were chosen. So we will deliver till we are alive. Oh, yes we will! მთავარია, რომ მუსიკამ არ მიმატოვოს, ჩემმა ერთადერთმა ნამდვილმა სიყვარულმა, ნამდვილმა ინტერესმა ამ ცხოვრებაში“.