7 ნოემბრის საქმე

7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ყოფილი მაღალჩინოსნების ახლობლებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი განცხადებით, ისინი უგულავასა და მერაბიშვილის მოსანახულებლად დადიან, სასამართლოს მხრიდან კი "სამართლიანობის იმედი არ აქვთ". დარბაზი დატოვეს თავად უგულავამ და მერაბიშვილმაც.

პროცესზე ვანო მერაბიშვილი სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელის კახაბერ ნაკანის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს გამოეხმაურა. მან მოუწოდა ნაკანს, რომ "მტკიცედ იდგეს და პატარა ადამიანებს ნუ გაახარებს". გარდა ამისა, მერაბიშვილის თქმით, თუ ადრე ბიძინა ივანიშვილი წინა ხელისუფლებიდან ზურაბ ადეიშვილს ასახელებდა ყველაზე ჭკვიანად, "ალბათ ახლა იმასაც გადახაზავს". მისივე განცხადებით, სასამართლო პროცესებს მხოლოდ ახლობლებისა და ნათესავების ნახვის მიზნით ესწრება.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნდება, ერთ-ერთი პირველი, რასაც გააკეთებს, იქნება ამნისტია იმ ადამიანების მიმართ, ვინც პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიდა. თუმცა, მისი თქმით, ვინც ფიზიკურ პირებს, მათ შორის კახაბერ ნაკანს, დევნიდა, პასუხს აგებინებს.

სასამართლო პროცესზე კომენტარი გიგი უგულავამაც გააკეთა. მისი განცხადებით, ის სასამართლო პროცესებს მეგობრებისა და ახლობლების სანახავად ესწრება და გარდა ამისა, დარბაზი მისთვის "პრესკონფერენციების ოთახია". უგულავასვე თქმით, მსოფლიომ აღიარა, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან, გარდა "სირაქლემას პოზაში მყოფი საერთო სასამართლოებისა". მან კომენტარი წინასწარ პატიმრობაზეც გააკეთა.

"სულ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტან სარჩელს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, რა წერია კონსტიტუციაში. ნიშნავს თუ არა 18-ე თავი იმას, რომ ადამიანი 9-თვეზე მეტხანს არ უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში. საკონსტიტუციომ უნდა თქვას, შეიძლება თუ არა, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე ადამიანი იყოს პატიმრობაში. ეს არ არის კანონის პრობლემა, ეს საერთო სასამართლოების პრობლემაა", - თქვა უგულავამ.

უგულავას განცხადებით, ის ამიერიდან პროცესს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ "ახლობლების ნახვა ან განცხადების გაკეთება მოუნდება".

კომენტარები