7 ნოემბრის საქმე

იმედის ეპიზოდზე სააკაშვილისა და სხვა ბრალდებულების საქმეები ისევ გაერთიანდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

7 ნოემბრის საქმეზე, ტელეკომპანია იმედის ეპიზოდზე, ცალკე გამოყოფილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე ამავე საქმეზე სხვა ბრალდებულებთან გიგი უგულავასთან, ვანო მერაბიშვილთან, დავით კეზერაშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან ისევ გაერთიანდა. ამის შესახებ შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად საქმე ცალკე წარმოებად სწორედ პროკურატურის შუამდგომლობით გამოიყო.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, გაერთიანება გიგი უგულავასთვის პატიმრობის გაგრძელებას ემსახურება.

"პროკურატურამ ცალკე გამოყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქმე, მიუხედავად იმისა, რომ იდენტური იყო ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. დღეს სასამართლოში დააყენა შუამდგომლობა საქმეების გაერთიანების შესახებ. ამას შეიძლება, ჰქონდეს მხოლოდ ერთადერთი მოტივაცია - გიგი უგულავას უნდა გაუგრძელდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ეს არის ბრალდების მხარის განზრახვა, და მათ, როგორც ჩანს, ვერ მოახერხეს ამ მოსამართლესთან ამ საკითხის შეთანხმება. ვახტანგ მელაშვილი, რომელიც იერთიანებს ამ სისხლის სამართლის საქმეს დანარჩენი 4 ბრალდებულის მიმართ, არის სწორედ ის მოსამართლე, რომელიც გიგი უგულავას პატიმრობაში დატოვებს. სხვა მოტივაცია ამ შუამდგომლობას ფიზიკურად არ შეიძლება, ჰქონდეს. ვინაიდან, მაშინ ან გამოყოფის შუამდგომლობა იყო არასწორი, ან გაერთიანების", - თქვა კახიძემ.

ბრალდების მხარის განცხადებით კი, თავდაპირველად საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა გამოძიების ინტერესში შედიოდა, ახლა კი გაერთიანდა, რათა საქმის განხილვა არ გაჭიანურდეს.

აღნიშნულ საქმეზე მომდევნო პროცესი 28 აპრილსაა ჩანიშნული.

კომენტარები