ვიზალიბერალიზაცია

ვალსტრომი: ვიზალიბერალიზაციას მხარს ვუჭერთ, მაგრამ მოთხოვნები უნდა შეასრულოთ

www.tabula.ge

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ ამავდროულად მოთხოვნებიც გვაქვს - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა განაცხადა.

დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან და ამ ვიზიტის ფარგლებში სამივე ქვეყნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს.

„ჩვენ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს ვუჭერთ და საჭიროა კონკრეტული მიზნების მიღწევა. გვესმის, რომ სასამართლოსა და მიგრაციის საკითხებში რეფორმებია საჭირო. ამიტომ ვამბობთ, რომ მოლოდინი უზარმაზარი არ უნდა იყოს, თუმცა ასევე ვაფასებთ იმას, რაც საქართველომ გააკეთა“, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვალსტრომის თქმით, საქართველომ უნდა შექმნას დემოკრატიული, გამჭვირვალე ინსტიტუციები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ხალხის წინაშე.

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს გვერდში დგომას და დაგეხმარებით გააკეთოთ ის, რის გაკეთებასაც ჩვენ გთხოვთ, რათა უფრო დაუახლოვდეთ ევროკავშირს“, - განაცხადა ვალსტრომმა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მარტინ ლინეგორდის განცხადებით კი, ის მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციას, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ევროპულ პერსპექტივაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„პოლიტიკური კუთხით ჩვენ მხარს ვუჭერთ ვიზალიბერალიზაციას საქართველოში. ეს იქნება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გზაა, რათა ევროკავშირი ქართველი ხალხისთვის გაიხსნას. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სამოქმედო გეგმის შესახებ ანგარიშზეა დამოკიდებული. მე ეს ანგარიში ჯერ არ მინახავს, ამიტომ კითხვაზე პასუხი გამიჭირდება. ევროპულ პერსპექტივას რაც შეეხება, აშკარაა და ვფიქრობ, თქვენც არ უნდა ელოდოთ, რომ რიგის სამიტზე საქართველოს ევროკავშირის წევრი გახდება. ჯერ ძალიან ადრეა ამისთვის“, - განაცხადა ლინეგორდმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გჟეგოჟ სხეტინა კი იმედოვნებს, რომ საქართველო რიგის სამიტზევე მიიღებს ვიზალიბერალიზაციას.

„ჩვენ რიგის სამიტს ველოდებით, იმედი გვაქვს, რომ საქართველო იმავე გზას გაივლის, რაც მოლდოვამ გაიარა. ეს არის სწორი გზა, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა სხეტინამ.

კომენტარები