საქართველოს ეკონომიკა

2015 წლის პირველ კვარტალში ტურისტების რაოდენობა 2.3%-ით შემცირდა

გიგანტური ველოსიპედი თბილისის ცენტრში
REUTERS

2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2.3%-ით შემცირდა, ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

პირველ კვარტალში საქართველოში 986 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, გასულ წელს კი პირველ კვარტალში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მილიონს აღემატებოდა. თურქეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 10%-ით არის შემცირებული, უკრაინიდან შემოსულების - 12%-ით, ხოლო რუსეთიდან - 4%-ით. ტურიზმის ზრდის ტემპის შემცირება შესამჩნევი 2014 წელს გახდა, როდესაც საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების ზრდის ტემპი 2013 წელთან შედარებით 12-ჯერ შემცირდა. 

ქვეყნების მიხედვით საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა კი ასე გამოიყურება:

1) აზერბაიჯანი 283 ათასი. ზრდა 6%

2) თქურქეთი 261 ათასი. კლება 10% 

3) სომხეთი 228 ათასი. ზრდა 1%

4) რუსეთი 123 ათასი. კლება 4%

5) უკრაინია 23 ათასი. კლება 12%

6) სხვა ქვეყნები 66 ათასი. კლება 8%

ტურიზმი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, მასზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6-7% მოდის. ამასთანავე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი სავალუტო შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა.

ტურიზმის შემცირებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთ მიზეზს საქართველოს მეზობელ და რეგიონის ქვეყნებში გაუარესებული ეკონომიკური ვითარება წარმოადგენს, რის გამოც, წინა წლებთან შედარებით, რუსეთის, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დასვენებაზე უფრო ნაკლებს ხარჯავენ. ხოლო მეორე ძირითად მიზეზს საქართველოს მხრიდან ახალი სავიზო რეგულაციების დაწესება წარმოადგენს, რის გამოც ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად გაურთულდათ. მათ შორის არის ირანი, საიდანაც გასული წლის პირველ კვარტალში 11 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო წელს მათი რაოდენობა 3 ათასს შეადგენს. 

ტურიზმის შემცირება ეკონომიკის მრავალი სექტორის შემცირებაზე აისახება. ყველაზე აშკარად ეს შემცირება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორსა და ტრანსპორტის სექტორზე აისახება. მთავრობა ეროვნული ვალუტის გამყარებას ტურისტული სეზონის დაწყების დროს ვარაუდობს, თუმცა, თუკი ზაფხულის სეზონზე ტურიზმი მნიშვნელოვნად არ გაიზარდა, ლარის გამყარებისთვის სათანადო წინაპირობა ვერ შეიქმნება.

კომენტარები