რუსული კანონი

ბარამიძე: ამბობენ, ფინანსები გვაინტერესებსო - სქესობრივი ცხოვრებაც აინტერესებთ თურმე!

იუსტიციის სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირს შეუძლია მოითხოვოს, მათ შორის ნებისმიერი ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან, ორგანიზაციისგან, ყველასგან შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია და ხაზგასმით წერია, მათ შორის პერსონალური მონაცემი და მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით გათვალისწინებული მესამე მუხლის "ბ" ქვეპუნქტიო. რომ ჩავიხედოთ ეს რა არის, ვნახავთ რომ არის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი, რომელიც შეიძლება იყოს ინფორმაცია პირის ეროვნული და რასობრივი კუთვნილების შესახებ, მსოფლმხედველობის შესახებ, ფილოსოფიური მრწამსის, რელიგიური წარმოდგენებისა და რწმენების შესახებ, მაგრამ ხაზგასმით - სქესობრივი ცხოვრების შესახებ. 

ესე იგი, ეს ადამიანები ამბობენ ჩვენ იმ ორგანიზაციების ფინანსური მხარე გვაინტერესებსო, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებენ წლიურად 20%-ზე მეტსო, ფინანსები გვაინტერესებს მეტი ხომ არაო და ამასთანავე, მათ სქესობრივი ცხოვრებაც აინტერესებთ თურმე ადამიანების! გესმით, რაზეა ლაპარაკი? და თუ ადამიანების სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდი, ვთქვათ, რომ მოგადგებათ ნებისმიერს და გეტყვით, რომ - აი, რომელიღაცა NGO-ს საქმიანობასთან დაკავშირებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომლისგან მოვითხოვთ, რომ თქვენი სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოთ, თუ არა და 5 000 ლარით გაჯარიმებენ. 

ამაზე რომ ფიქრდები კაცი, წარმოუდგენელია, ეს ნუთუ მართლა წერია-მეთქი, რამდენჯერმე გადავიკითხე, არადა ასე წერია. ასე წერია, იმიტომ რომ ამ კანონში ახალი ჩანაწერი გვამისამართებს პერსონალურ მონაცემთა იმ მუხლზე, რომელიც მივუთითე, იმ მუხლში ლაპარაკია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემზე და ეს მონაცემი მათ შორის, არის ადამიანის სქესობრივი ცხოვრებაცო. ამ ხალხს აინტერესებს ინფორმაცია ქვეყანაში ცალკეული ადამიანების სქესობრივი ცხოვრების შესახებ, მე მგონი ფსიქიკურ გადახრასთან გვაქვს ჩვენ აქ საქმე. რა აინტერესებს ამ ხალხს, რომ ყველა, ვინც მათთან არ არის, ყველას სქესობრივი ცხოვრება გახდეს საჯარო, რომ შემდეგ აიტვირთოს იმ რაღაც რეესტრში, რომლის შექმნასაც ესენი აპირებენ.

თქვა 2012-2018 წლებში იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ ტელეკომპანია მთავარის ეთერში.

რუსული კანონით, მოთხოვნის შემთხვევაში სქესობრივ ცხოვრებაზე ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო ხდება.

კომენტარები