შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით ჰკითხეს. როგორც ცნობილია, კამპანიამ "ეს შენ გეხება" კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
"სასამართლო იმსჯელებს და დაველოდოთ მის პასუხს. თუმცა, მოსმენები, სპეცსამსახურები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და თუ მანდ არ იქნება, აბა, სად უნდა იყოს. ეს ძალიან ბევრ პრობლემას წარმოქმნის თუნდაც დროის თვალსაზრისით. არის ხოლმე ძალიან სწრაფად გადასაწყვეტი საქმე. იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვი გაიტაცეს ფულის გამოძალვის მიზნით და თუ არ იქნება ჩვენთან ბერკეტები, ძალიან გაგვიჭირდება, ძალიან ბევრი თემა გაფუჭდება ტერორიზმის კუთხითაც, ნარკოტიკების კუთხითაც, ორგანიზებული დანაშაულის კუთხით. რთულია, როდესაც დამოკიდებული ვიქნებით ხუთ, ექვს, ათ გასაღებზე, დრო გაიწელება ასე", - თქვა გომელაურმა.





