გიგი უგულავას საქმე

ბასილაია: დღეიდან გიგი უგულავა უკანონო პატიმარია

ტაბულა

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, დღეიდან გიგი უგულავა უკანონო პატიმარია. ბასილაია განმარტავს, რომ თბილისის ყოფილ მერს პატიმრობის 9-თვიანი ვადა გუშინ ამოეწურა და მისი პატიმრობაში დატოვება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. დღეს დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

"დღევანდელი დღიდან, ნებისმიერი წუთი, ნებისმიერი საათი, ნებისმიერი დღე, რასაც გიორგი უგულავა გაატარებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს არის უკანონო პატიმრობა. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება და ეს არის პირის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. შესაბამისად, ჩვენ შეგვაქვს შუამდგომლობა სასამართლოში და მოვითხოვთ, გაუქმდეს გიორგი უგულავასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა", - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა გუშინ ამოეწურა და რადგან საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, ის უნდა გათავისუფლებულიყო. თუმცა, 14 მარტს, პროკურატურამ უგულავას ბრალი დაუმძიმა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზაციას, არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ტელე და რადიო კომპანია იმედის, ასევე, მთაწმინდის პარკის უკანონო დაუფლებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი, უგულავას აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა შეუფარდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, თბილისის ყოფილი მერის პატიმრობაში ყოფნა ხელისუფლების თვითმიზანია და მისთვის პატიმრობის შეფარდების უკან პოლიტიკური მოტივია. ევროპარლამენტარების შეფასებით კი, გიგი უგულავა შერჩევითი სამართლის მსხვერპლია.

კომენტარები