ISIS-ის მებრძოლები სირიაში პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში შეიჭრნენ

AP

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სირიის დედაქალაქ დამასკოში პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში შეიჭრნენ.

"ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს ალ-ყაიდას ერთ-ერთი შტოს, ე.წ. ნუსრას მებრძოლებიც შეუერთდნენ. მათ ISIS-ის მებრძოლებს ერთგულება გამოუცხადეს", - განაცხადა ერთ-ერთმა მოწმემ.

ბანაკი, სადაც დაახლოებით 18 000 ადამიანი ცხოვრობს, ამჟამად სამთავრობო ძალების, ისლამური სახელმწიფოსა და ნუსრას მებრძოლთა დაპირისპირების ცენტრადაა ქცეული.

ამ დროისთვის ისლამური სახელმწიფო ბანაკის რამდენიმე ძირითად ქუჩას აკონტროლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სირიაში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ავრცელებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დახმარების სააგენტოს წარმომადგენლის, კრის განსის თქმით, ისინი სირიელი და პალესტინელი სამოქალაქო პირების უსაფრთხოების საკითხით შეშფოთებული არიან და მოითხოვენ, დაპირისპირებებს წერტილი რაც შეიძლება მალე დაესვას.

კომენტარები