აგრარული უნივერსიტეტის საქმე

აგრარულმა უნივერსიტეტმა სააპელაციო სასამართლოში პროცესი მოიგო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეკონომიკის სამინისტროსა და ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აგრარული უნივერსიტეტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა უცვლელი დატოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკონომიკის სამინისტროს დაევალა, აღიაროს კახა ბენდუქიძის მიერ შექმნილი ცოდნის ფონდის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების პირნათლად შესრულება. სააპელაციო სასამართლომ 12 თებერვალს ეკონომიკის სამინისტროს მტკიცებულება სასამართლოზე დაუშვებლად ცნო.

ბენდუქიძის დაფუძნებულმა ცოდნის ფონდმა 9 მილიონ ლარად და 8 მილიონი ლარის ინვესტიციების ვალდებულებებით ქონება შეიძინა, სადაც ამჟამად აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტებია განთავსებული. ფონდმა 2 წლის განმავლობაში უნივერსიტეტებში მრავალმილიონიანი ინვესტიცია ჩადო და საინვესტიციო ვალდებულებები გადაჭარბებით შეასრულა. ამ ყველაფერს აუდიტის სამი სხვადასხვა კომპანია(მათ შორის, ორი საერთაშორისო ორგანიზაცია) ადასტურებს. აგრარული უნივერისტეტის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის წარდგენილ აუდიტორულ დასკვნაში, რომელიც დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთის Ernst & Young-ისაა, წერია, რომ 2013 წლის 24 დეკემბრისათვის უნივერსიტეტის მიერ შესრულებულმა საინვესტიციო ვალდებულებამ დღგ-ის გარეშე - 11, ხოლო დღგ-ის ჩათვლით 13 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 8 მილიონს აჭარბებს.

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერის ვატო ლეჟავას თქმით, კახა ბენდუქიძის მიერ დაარსებულმა ცოდნის ფონდმა აგრარულ უნივერსიტეტში 8 მილიონ ლარზე მეტი ჩადო, რაც საინვესტიციო ვალდებულებაზე მეტს შეადგენს. აგრარულ უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კანონის სრული დარღვევით და სრულიად უსაფუძვლოდ აარიდეს თავი ამ ინვესტიციის აღიარებას.

კახა ბენდუქიძის მიერ დაარსებულმა ცოდნის ფონდმა განათლების სექტორში 50 მილიონი დოლარი ჩადო, რაც აღნიშნულ სექტორში განხორციელებულ ყველაზე მსხვილ კერძო ინვესტიციას წარმოადგენს.

კომენტარები