მთავრობის გადაყენების მოთხოვნა

ენმ ანტიკორუფციული კომიტეტების შექმნას აპირებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გოკა გაბაშვილის თქმით, ჩინოვნიკების მიერ ბიუჯეტიდან ფულის მითვისების წინააღმდეგ საბრძოლველად, ენმ ანტიკორუფციული კომიტეტების შექმნას აპირებს. ამის შესახებ გაბაშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

გაბაშვილის თქმით, პირველი სამი კომიტეტი, რომელთა ჩამოყალიბებაც დაგეგმილია გურჯაანში, სენაკსა და თბილისში, კერძოდ კი გლდანში, სრულ ინფორმაციას წარმოადგენს ადგილობრივი კორუმპირებული ჩინოვნიკების საქმიანობის შესახებ.

“მიმდინარობს მასიური ფულის ხერხვა, ასე ვთქვათ ხალხის ფულის, ბიუჯეტიდან ფულის დატაცება. ეს არა მხოლოდ თბილისური  ჯოკია ბოდოკიების ისტორიაა, არამედ მთელს საქართველოში მრავლად, ასობით ჯოკია ბოდოკია მოქმედებს და ხალხის ფულს იპარავს.

ჩამოყალიბდება პირველი სამი კომიტეტი. უკვე შერჩეულია, რაიონები, სადაც ჩამოყალიბდება ეს კომიტეტები. ეს არის- გურჯაანი, სენაკი და თბილისში - გლდანი, სადაც შეიქმნება სპეციალური ანტიკორუფციული კომიტეტები, რომლებიც ამხელს ადგილობრივ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და სრულ ინფორმაციას წარმოადგენს მათი საქმიანობის შესახებ“, - განაცხადა გაბაშვილმა.

გაბაშვილისვე თქმით, ენმ საპროტესტო აქციების გამართვასაც გეგმავს. დაწვრილებით ინფორმაციას აქციების შესახებ ენმ საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.

“საზოგადოებას დეტალურად მივაწვდენთ ინფორმაციას, თუ სად, როდის, რა ტიპის საპროტესტო აქციები გაიმართება.ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება საუბარი პარლამენტში ჩვენს კოლეგებთან“, - განაცხადა გაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კონსულტაციები გამართვას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან გეგმავს. აღსანიშნავია, რომ მათ უერთდებათ დამოუკიდებელი დეპუტატი მურმან დუმბაძე.

კომენტარები