ISIS

ISIS-ის ქმედებები შესაძლოა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ჩაითვალოს

Reuters

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ISIS-ის მებრძოლების ქმედებები შესაძლოა  კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ჩაითვალოს. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს შეიძლება ბრალი დაედოთ ერაყში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, იეზიდთა ჯგუფის, წინააღმდეგ გენოციდის მოწყობაში, ასევე სამხედრო დანაშაულში, იგულისხმება სამოქალაქო პირების, მათ შორის ბავშვების მიმართ გამოვლენილ სისასტიკეში.

100-ზე მეტი მსხვერპლისა და მოწმის ინტერვიუების საფუძველზე შედგენილ მოხსენებაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, საქმე განსახილველად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს.

“მოძიებულია ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს გენოციდზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულსა და სამხედრო დანაშაულებზე. უსაფრთხოების საბჭომ საქმე განსახილველად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადასცეს“,- ნათქვამია მოხსენებაში.

ამას გარდა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ერაყის სამთავრობო ძალებსა და პოლიციას ამბოხებულებთან ბრძოლის დროს შესაძლოა სამხედრო დანაშაული ჩაედინათ.

საქმის გამომძიებლებს ასევე მოჰყავთ ბრალდებები, რომ სექტემბერში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ანბარის დასავლეთ პროვინციაში ერაყელი მეომრების წინააღმდეგ ქლორის გაზს იყენებდნენ. შეგახსენებთ, რომ ჟენევის კონვენციის თანახმად, ქიმიური იარაღის გამოყენება აკრძალულია.

გარდა ზემოხსენებულისა, ISIS-ის მებრძოლებს ქალთა და ბავშვთა წინააღმდეგ სასტიკ მოპყრობაში, ხშირ შემთხვევაში კი სექსუალური სახის ძალადობაში სდებენ ბრალს.

შეგახსენებთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოძიება სექტემბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ისლამურმა სახელმწიფომ ერაყს ჩრდილოეთი ტერიტორიების დიდი ნაწილი ჩამოართვა.

კომენტარები