ე.წ. ხელშეკრულება

კარასინი: თარიღები შესაძლოა დაემთხვეს, მაგრამ პროცესები გეგმის მიხედვით მიდის

გრიგორი კარასინი

მაშინ, როდესაც მოსკოვში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია იწყება, ჟენევაში მოლაპარაკებების 31-ე რაუნდის ძირითადი ეტაპი მიმდინარეობს. დისკუსიის მთავარი თემა სწორედ რუსეთის პროვოკაციაა, რომელიც, ქართული დელეგაციის შეფასებით, მოლაპარაკებების ჩაშლისკენ იყო მიმართული. ქართული მხარის მოთხოვნით, საერთაშორისო თანათავმჯდომარეებმა მხარეებს ოფიციალური განცხადებით მოუწოდეს, დისკუსიას კონსტრუქციული განწყობით შემოერთებოდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა. გრიგორი კარასინის თქმით, თარიღების დამთხვევა შემთხვევითობა იყო, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. კარასინი ჯენ პსაკის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, და აღნიშნა, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არ წარმოადგენს.

„ჩვენ ჩამოვედით სამუშაოდ და არა სამკითხაოდ. თარიღები შესაძლოა დაემთხვეს, მაგრამ პროცესები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. კარგად გვესმის, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ვითარების უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება გამყარდეს, რათა ხალხმა მშვიდად და უკეთ იცხოვროს. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას. მე ამ უწყებას არ წარმოვადგენ”, - განაცხადა კარასინმა.

კომენტარები