გიგი უგულავას საქმე

უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

პროკურატურამ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. პროცესი, სადაც თბილისის ყოფილი მერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ, დღეს, 12:30 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეზე სხვა ბრალდებულებს - მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს, პროკურატურას მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი გუშინ წარუდგინა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი დაუმძიმდათ.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას წინასწარი ცხრათვიანი ვადა 4 აპრილს გასდის. იმ შემთხვევაში, თუ დღეს უგულავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას არ შეუფარდებენ ან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში რომელიმე საქმეზე პატიმრობას არ მიუსჯიან, აპრილის დასაწყისში ის ციხიდან უნდა გათავისუფლდეს.

კომენტარები