სახელმწიფო შესყიდვები

მერიის ადმინისტრაციის უფროსი: მერიას სატრანსპორტო საშუალებები არ შეუძენია

მერიის ადმინისტრაციის უფროსის რევაზ ჩახავას ინფორმაციით, მერიას 2014 წლის აგვისტოდან სატრანსპორტო საშუალებები არ შეუძენია.

"2014 წლის აგვისტოდან დღემდე მერიას ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ შეუძენია. არც გამგეობებისთვის ყოფილა შეძენილი. ადრე შეძენილი იყო, ჩვენ დაგვხვდა მანქანები და ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ 200-ზე მეტი მანქანა არის მთლიანად მერიის სისტემაში. ამ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, რაშიც დღეს საქართველოა, უახლოეს პერიოდში განახლებას არ ვაპირებთ. 2014 წლის აგვისტოს იმიტომ ვასახელებთ, რომ ამის მერე ვართ ჩვენ მერიაში", - თქვა ჩახავამ.

ცნობისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2013 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში დაახლოებით 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს, 2013 წელს განხორციელებული შესყიდვების ღირებულება 2014 წლის შესყიდვებს დაახლოებით 9 მლნ ლარით აღემატებოდა, 2015 წლის პირველ ორ თვეში კი ჯამში დაახლოებით 5.2 მლნ შეადგინა.

"2 წლის განმავლობაში 147 მლნ ლარი საკმარისი იქნებოდა ყველა კატეგორიის პენსიონერის პენსიის 9 ლარით მოსამატებლად, ან 2 წლის მანძილზე მთელი სოციალური პაკეტის (შშმ პირები, სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, საყოფაცხოვრებო სუბსიდიების და სხვა დახმარებების მიმღებები) მინიმუმ 30%-ით გასაზრდელად.

2013 წლის დასაწყისიდან დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე სახელმწიფო უწყებებმა ტენდერების მეშვეობით დაახლოებით 113.8 მლნ ლარი დახარჯეს. თანხები დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა 2013 (57.3 მლნ ლარი) და 2014 (55.8 მლნ ლარი) წლებზე. 2015 წლის ორ თვეში კი ამ მიმართულებით 570,900 ლარი დაიხარჯა.

ყველაზე მეტი, 31.7 მლნ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დახარჯა, რომელთა დიდი ნაწილიც საპატრულო პოლიციის მანქანების შესყიდვას მოხმარდა. საავტომობილო საშუალებების შესყიდვის ხარჯებში რიგით მეორე ჯანდაცვის სამინისტროა, 2014 წელს გადახდილი 10.8 მლნ ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე 6.5 მლნ ლარი დახარჯა, 2014 წელს კი მანქანები არ შეუძენია", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია გამარტივებული შესყიდვების საშუალებით შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებაც აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2013-2014 წლებში გამარტივებული შესყიდვებით სახელმწიფო უწყებებმა ჯამში 29.9 მლნ ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეისყიდეს ან გადაცვალეს.

"აღსანიშნავია, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით დანახარჯებმა იკლო და 9.8 მლნ ლარი შეადგინა. 2015 წელს გამარტივებული შესყიდვების საშუალებით ერთადერთი მსხვილი შესყიდვა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განახორციელა. უწყებამ 4.7 მლნ ლარად 67 ერთეული „ტოიოტა ქემრი" შეიძინა. ეს შესყიდვა 2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თბილისში გასამართი შეხვედრის ორგანიზების მიზნით განხორციელდა

ამასთან, გასულ წელს ჩვენმა ორგანიზაციამ შეისწავლა საქართველოში და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში მანქანების შესყიდვისა და გამოყენების პრაქტიკა. როგორც ჩვენ ვნახეთ, ევროკავშირის ქვეყნებში ავტომანქანების გამოყენება თანამდებობის პირების მიერ მკაცრად და ზედმიწევნით რეგულირდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამჟამად მოქმედებს კანონები, რომლებიც არეგულირებს ოფიციალურ პირთა ტრანსპორტის გამოყენებას, თუმცა, არ არის ნათელი, თუ რამდენად თანმიმდევრულადაა დაცული ეს კანონები და ახლაც ძალაშია თუ არა ბევრი ასეთი კანონი", - ნათქვამია კვლევაში.

კომენტარები