თბილისის მერია

ნადირაშვილი: ნარმანიას უნდა, რომ მთელი მერია გადააქციოს ჯოკია ბოდოკიებად

ენმ

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის შეფასებით, "დავით ნარმანიას უნდა, რომ მთელი მერია გადააქციოს ჯოკია ბოდოკიებად". ნადირაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მერიის თანამშრომლების გათავისუფლებაზე ისაუბრა.

"გუშინ, დაახლოებით 500-მა ადამიანმა, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ თბილისის მერიაში, სატელეფონო sms-ის საშუალებით შეიტყო, რომ ისინი დღეიდან არიან უმუშევრები. ეს sms-ები გაგზავნა ხელისუფლებამ, რომელიც თვითონ ზღვარგადასული ფუფუნებითაა გამორჩეული. მე შეგახსენებთ ფაქტს, რომ ჩვენმა პრემიერმა და მისმა მეუღლემ თავს უფლება მისცეს, 20 000- ლარიანი ავიაბილეთები აეღოთ და ისე ემგზავრათ ამერიკაში. მე შეგახსენებთ, რომ თქვენ გყავთ ჩინოვნიკები, რომლებიც 40 000-ლარიან პრემიებსაც იწერენ და ბატონმა ნარმანიამ ამ ფონზე გადაწყვიტა, რომ უფლება აქვს, ტელეფონით შეატყობინოს 500 ადამიანს, რომ მათ დღეიდან სამსახური არ აქვთ. როდესაც თქვენ მიწასთან გაასწორეთ ეკონომიკა და იცით, რომ კერძო სექტორში სამუშაო ადგილი აღარ იქმნება, ალბათ ბატონ ნარმანიას ესმის, რომ ეს ადამიანები მან გაწირა შიმშილისთვის და გაწირა იმისთვის, რომ მათ საღამოს უკვე აღარ ექნებათ პურის ფული. მაგრამ გასაგებია, ასეთია სუს-ის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგები. ბატონ ნარმანიას აქვს დეკლარირებული, რომ ის ეძებს პროფესიონალებს. მე ამას დავიჯერებდი, რომ არ ვიცოდე, რომ, მაგალითად, მხოლოდ მთაწმინადაში, ხვადაგიანმა, რომელიც იყო გამგებლის მოადგილე და 36 ქულა აიღო, შეინარჩუნა თანამდებობა, რეზო სუხიტაშვილმა, რომელმაც 60 კითხვიდან მხოლოდ 16-ს გასცა სწორი პასუხი, შეინარჩუნა თანამდებობა, თინათინ გველესიანმა 26 ქულით და ასევე ოთარ მაჭარაშვილმა 15 ქულით შეინარჩუნეს თანამდებობები მაშინ, როდესაც ამ გაყრილ ადამიანებს შორის არიან ისეთები, ვინც 55 ქულა, 60 ქულა მიიღო, მაგრამ ისინი გახდნენ პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლები. მაგრამ ჩემთვის გასაგებია, ბატონ ნარმანიას უნდა, რომ მთელი მერია გადააქციოს ჯოკია ბოდოკიებად", - განაცხადა ნადირაშვილმა და აღნიშნა, რომ ბოდოკიას ჰქონდა მძიმე წარსული, იყო ნასამართლევი ნარკოტიკების გამო, მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში შევარდნაძის დროს, თუმცა, მაინც დანიშნეს თანამდებობაზე.

"მისცეს საშუალება, რომ ფული ეკეთებინა. ჩემთვის გასაგებია, ბატონებო, თქვენ ეძებთ ისეთ ადამიანებს, ვინც ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს - კარგად შეეძლოს ფულის კეთება და აუცილებლად უნდა იყოს თქვენი ოჯახის ნათესავი ან მეგობარი. ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ კარგად ჩააბარო გამოცდები და მაღალი IQ გქონდეს. ამ შემთხვევაში აუცილებლად მოხვდები თანამდებობაზე. სწორედ ის სიტუაცია, რომელიც დღეს არის სახელმწიფო სტრუქტურებში, ჩვეულებრივად მიგვანიშნებს სისტემურ კორუფციაზე და ამის დასტურია ისიც, რაც ხდება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, რომელიც თქვენ გქონდათ გადაქცეული ღარიბაშვილის და თამაზაშვილის კლანის ფულის საკეთებელ ობიექტად, სადაც თქვენ დანიშნული გყავდათ ღარიბაშვილის მეჯვარე შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად და 2 200 000 ლარი ისე გააქრო, რომ დღესაც ვერანაირად ვერ იპოვეთ და ჩასაფრებული ხართ, რომ ეს თანხა საიდანმე მაინც ამოიღოთ. და ბოლოს, მაშინ როდესაც დღეს სამ საათში ლარი გაუფასურდა 10 პუნქტით და სანამ მე თბილისიდან ქუთაისში ჩამოვედი, სწორედ მაშინ მოხდა ეს მოვლენები, თქვენ გყავთ ისეთი ჩინოვნიკები, რომლებიც ამ შემთხვევაშიც კი მხოლოდ პირად ფუფუნებასა და კომფორტზე ზრუნავენ. მე მინდა წარმოგიდგინოთ ოზურგეთის გამგებლის ახალი მანქანა. მას, სხვათა შორის, მშვენიერი ემელი ჰყავდა, მე მგონი, არაფერი არ დაეწუნება, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, რომ ახალი კრუიზერი ეყიდა, ტოიოტა კრუიზერი და რომ არავის არ შეეშალოს, ვინ არის, სპეციალური ნომერიც აიღო - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგებელი. მე მოგიწოდებთ, რომ ასეთ თავგასულ ჩინოვნიკებს მიხედოთ", - განაცხადა ნადირაშვილმა.

კომენტარები