ჯოკია ბოდოკიას საქმე

საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა გეგი ნიჟარაძის გადაყენებას ითხოვს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გეგი ნიჟარაძის გადაყენებას ითხოვს. ფრაქციის წევრები არ გამორიცხავენ, რომ დაკავებული ჯოკია ბოდოკიას საქმესთან შეხება ნიჟარაძესაც ჰქონდეს.

"მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებული იქნეს გეგი ნიჟარაძე, რომლის სამსახურში არსებობს და ყვავის ძველი დროის 90-იანი წლების მასიური კორუფცია, რომელშიც დიდი ალბათობით, თავადაც არის ჩართული. მაგრამ რომც არ იყოს ჩართული, ის ვალდებულია, აიღოს პასუხისმგებლობა იმ უუნარო მენეჯმენტზე, რამაც გამოიწვია სამსახურში ასეთი მძიმე კორუფციული ფაქტები. ნამდვილად არ გამოვრიცხავთ თბილისის მერის და მოადგილეების მონაწილეობასაც ამ ფაქტებში და ამის ერთ-ერთი ძალიან მყარი მტკიცებულება არის თბილისის მერის რეაქცია ამ ფაქტებზე, როდესაც ის პირდაპირი გაგებით ზის ჩირგვებში და არ აპირებს, მოახდინოს სათანადო რეაგირება", - თქვა ირაკლი აბესაძემ ნაციონალური მოძრაობიდან.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებებს ამ დრომდე არ პასუხობენ თბილისის მერიაში. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ჯოკია ბოდოკიას საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მერიის კიდევ ორი მაღალჩინოსნის პირად საქმეებსაც ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ მერიის მაღალჩინოსანი ჯოკია ბოდოკია გასულ კვირაში, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები