საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "მე და ჩემს გუნდს გვაქვს პრეტენზია, რომ ტელეპროექტ "20/30"-ის შემოსვლით მედიასივრცეში გარკვეული ცვლილებები მოხდეს. გვინდა, შევცვალოთ დღის წესრიგი, რომელსაც დღეს რუსთავი 2 ადგენს". ამის შესახებ ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში თქვა და აღნიშნა, რომ "რუსთავი 2 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აგიტმანქანაა". მისივე თქმით, რუსთავი 2-თან არანაირი პრეტენზია არ აქვს.
"თავის დროზე "რეალ.ტვ" იყო ჩემი "სპარინგპარტნიორი" და მე კარგად ვაჩვენებდი საზოგადოებას რეალობას. დღეს "რუსთავი 2" გაფართოებულ "რეალ.ტვ"-ს წარმოადგენს და მას სიამოვნებით გავიხდიდი "სპარინგპარტნიორად". სიცრუეს სიმართლით დავაბალანსებთ, დღის წესრიგის შეცვლას მოვახერხებთ და თუნდაც ერთი ტელეპროექტით არ მივცემთ საშუალებას, რომ საზოგადოება სიცრუესა და ვირტუალურ რეალობაში აცხოვრონ. ადრე ქმნიდნენ ვირტუალურ რეალობას, რომ ყველაფერი კარგად არის, დღეს კი ამტკიცებენ, თითქოს ქვეყანა იქცევა. სხვათა შორის, დღეს, როდესაც მედია უპრეცედენტოდ თავისუფალია, ამტკიცებენ, თითქოს ვიღაცას მედიის დაჩაგვრა სურს. მათ შორის ექსპერტებიც. რაც უნდათ, ის ილაპარაკონ. როდესაც ვამბობ, რომ ზოგიერთი ექსპერტის შეფასებები შესაძლოა, სიცრუე იყოს და ამაზე რეაგირება გვექნება, ამბობენ, როგორ ბედავსო. მედიაზე იტყვი რამეს და, არიქა, თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლააო. არადა, დღეს გვყავს მთავრობა, რომელსაც მედიასთან შეხება არა აქვს და ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. ეს ასეც უნდა იყოს. ექსპერტებთან კი პრეტენზია მაქვს და მექნება, რადგან ექსპერტობაზე დებენ თავს და ცრუ ანალიზს აკეთებენ. მათ ამაზე რომ მივუთითებ, რატომღაც ძალადობად თვლიან. ასე, რუსთავი 2-მაც შეიძლება ჩათვალოს ის ძალადობად, რომ მათ სიცრუეს სიმართლეს დავუპირისპირებთ, ცრუ ანალიზს კი ობიექტური ანალიზით ვუპასუხებთ და ეს მიუღებლად რატომ მიაჩნიათ და რატომ ამტვრევენ ღია კარებს?! კრიტიკა უნდა აიტანონ. დღეს მეც ბევრი მაკრიტიკებს და მე თუ ვიტან, მათ რატომ არ უნდა აიტანონ?!" - განაცხადა ივანიშვილმა.





