თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილე ვალერი ზუმბაძე გადადგა

Facebook.com

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ვალერი ზუმბაძე თანამდებობას ტოვებს. 

"ჩემს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ვრცელდება ყოველგვარ რეალურ საფუძველს მოკლებული ბრალდებები და მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია. იმისთვის, რათა არ მოხდეს საქართველოს თავდაცვის უწყების იმიჯის შელახვა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. მზად ვარ, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, პასუხი გავცე ჩემი მისამართით დასმულ ყველა კითხვას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გადავწყვიტე, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ სარჩელი შევიტანო სასამართლოში, რათა დავიცვა საკუთარი რეპუტაცია და ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სიმართლე", - ნათქვამია ზუმბაძის განცხადებაში. 

იმის შესახებ, რომ "შსს-ს კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ვალერი ზუმბაძე წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა ენვერის, ფოტორეპორტიორებისა და ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეებზე", რამდენჯერმე განაცხადა ე.წ. პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ; ასევე, საიხან მუზაევმა, რომლის მტკიცებითაც, ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო მას დღემდე დევნიან. მათი განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში ზუმბაძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაწინაურდა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, ხოლო შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილედ დანიშნა.

კომენტარები