ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

პრემიერი: ქართუს უნივერსიტეტის პროექტი 20-ჯერ უკეთესი იქნება სააკაშვილისაზე

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "გარწმუნებთ, ფონდი ქართუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი იქნება 10-ჯერ და 20-ჯერ უფრო უკეთესი, ვიდრე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩაფიქრებული პროექტი იყო". ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბორჯომში განუცხადა.  

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი აპირებს, ააშენოს მრავალ ათეულმილიონიანი უნივერსიტეტი საქართველოში, თავისი კამპუსით, რომელიც იქნება უნიკალური კომპლექსი. თვითონ ფონდი ქართუ გააკეთებს ვრცელ კომენტარს, რა მასშტაბის იქნება პროექტი... ზოგადად, მე გირჩევთ, რომ ნაკლებად უსმინოთ მიხეილ სააკაშვილს. არასერიოზული იქნება, მის აბსურდულ ტყუილებზე კომენტარი გავაკეთოთ. ჩემი ინფორმაციით, თავდაპირველად, როდესაც ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა შენდებოდა, იქ უნდა ყოფილიყო ბანკი და არა - უნივერსიტეტი. შემდეგ, როგორც ჩანს, სააკაშვილმა უცებ გადაიფიქრა და მოიფიქრა, რომ იქ რაღაც უნივერსიტეტი გაეკეთებინა. ამერიკულ მხარესთან ჰქონდათ მოლაპარაკებები კამპუსთან დაკავშირებით და, როგორც ვიცი, მათ არ დაუმტკიცეს ეს პროექტი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ "დღეს ეს შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი და იქ რაიმე უნივერსიტეტის გაკეთება წარმოუდგენელი იყო". 

ცნობისთვის, ფონდი ქართუ თბილისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტს აშენებას აპირებს. ფონდის გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, პროექტი რამდენიმეწლიანია.

"ფონდი ქართუ აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. უკვე შევხვდით სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. უნივერსიტეტი აშენდება თბილისში, რადგან თბილისი ინფრასტრუქტურულად, ტერიტორიულად ყველაზე მომგებიანია ასეთი ფართო და მსხვილი პროექტებისთვის. პროექტი არის რამდენიმეწლიანი, რადგან იქნება გათვლილი დიდი რაოდენობის სტუდენტებისთვის. აშენდება საუნივერსიტეტო კამპუსიც", - განაცხადა ჩხეტიანმა ინტერპრესნიუსთან საუბარში და აღნიშნა, რომ ჯერ რთულია საუბარი პროექტის ბიუჯეტზე.

კომენტარები