ტერაქტი პარიზში

კერესელიძე: გუშინდელი მარში კონსოლიდაციის უპრეცედენტო დემონსტრირება იყო

ტაბულა

საქართველოს საგარეო უწყება პარიზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, პარიზში გამართული სოლიდარობის მარში მსოფლიო კონსოლიდაციის უპრეცედენტო დემონსტრირება იყო.

"კიდევ ერთხელ გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას პარიზში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით. ეს იყო პრესისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელებული ბარბაროსული აქტი, რომელიც ადასტურებს რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობას. ამიტომ, უმნიშვნელოვანესი იყო, რომ გუშინ პარიზში, ტერორიზმის და რადიკალური ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამართულმა მასშტაბურმა, მილიონიანმა მარშმა ერთად შეკრა საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს გახლავთ უპრეცედენტო მსოფლიო კონსოლიდაციის დემონსტრირება, რასაც თქვენ იცით, რომ საქართველოც უერთდება", - განაცხადა კერესელიძემ.

ცნობისთვის, ერთიანობის მარშში ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელიც გუშინ საფრანგეთში გაიმართა, სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე დიდი დემონსტრაცია პარიზში ჩატარდა, სადაც ქუჩაში მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ეს ყველაზე დიდი მასობრივი აქციაა, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში როდესმე გამართულა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება აქციაზე ხალხის ასეთ დიდ რაოდენობას არ ელოდა. დემონსტრაციაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იყო მიღებული. აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას 2 ათასამდე პოლიციელი და ათასამდე სამხედრო მოსამსახურე იცავდა. ქალაქის ცენტრში სახურავებზე სნაიპერები განალაგეს. ასეთივე მარშები საფრანგეთის მრავალ ქალაქში, ასევე ბერლინში, ვენაში, ბრიუსელსა და ლონდონში გაიმართა. 

დემონსტრანტთა კოლონას წინ საფრანგეთის პრეზიდენტი, ასევე 40 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მოუძღოდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის კანცლერმა, ბრიტანეთის პრემიერმა, უკრაინის პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ისრაელის და პალესტინის ლიდერებმა. რუსეთს დემონსტრაციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენდა. 

კომენტარები