ტერაქტი პარიზში

Charlie Hebdo-ზე თავდამსხმელმა ფრანგულ ტელეარხს სიკვდილამდე ინტერვიუ მისცა

იმ დროს, როდესაც პარიზის ჩრდილოეთით Charlie Hebdo-ს ტერაქტში მონაწილე ძმებ კუაშებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი, ერთ-ერთმა ფრანგულ ტელეკომპანია BFMTV-ს ინტერვიუ მისცა. იგი 12 ადამიანის სიკვდილს მკვლელობად არ მიიჩნევს.

შერიფ კუაში: გეუბნებით, რომ ვართ წინასწარმეტყველის დამცველები და მე - შერიფ კუაში, იემენის ალ-ყაიდამ გამომგზავნა. გასაგებია?

გასაგებია. მანდ მხოლოდ შენ და შენი ძმა ხართ?

შერიფ კუაში: არ არის ეს შენი პრობლემა.

- არის ხალხი მანდ, თუ არა?

შერიფ კუაში: არ არის ეს შენი პრობლემა.

- კარგი, გეგმავ ვინმეს მოკვლას ალაჰის სახელით თუ არა?

შერიფ კუაში: ვის მოკვლას?

- არ ვიცი, გეკითხები.

შერიფ კუაში: ჩვენ რა, უბრალო მოქალაქეები მოვკალით?

- თქვენ ჟურნალისტები მოკალით.

შერიფ კუაში: მაგრამ ჩვენ უბრალო მოქალაქეები მოვკალით? 

- მისმინე, შერიფ, მოკალით ვინმე დილით?

შერიფ კუაში: ჩვენ არ ვართ მკვლელები. ჩვენ ვართ წინასწარმეტყველის დამცველები, ქალს არ ვკლავთ, არავის ვკლავთ. ვიცავთ ჩვენს წინასწარმეტყველებს. თუ ვინმე მას შეურაცხყოფს, ჩვენ მას მოვკლავთ. არ ვკლავთ ქალებს. არ ვართ თქვენნაირი. ეს თქვენ ხართ, ვინც ხოცავს ქალებსა და ბავშვებს სირიაში, ერაყსა და ავღანეთში. თქვენნაირი არ ვართ. ჩვენ მუსლიმები ვართ.

- მაგრამ თქვენი შურისძიების მცდელობისას, 12 ადამიანი დაიღუპა.

შერიფ კუაში: კი, იმიტომ, რომ ეს შურისძიება იყო. კარგად თქვი. შენ თვითონ თქვი, ეს იყო შურისძიება.

გამოცემა ალ ჯაზირას ინფორმაციით, ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, იემენურმა ალ-ყაიდამ აიღო. დაჯგუფების წევრები ამბობენ, რომ თავდასხმა გაკვეთილია საფრანგეთისთვის, რომ გამოხატვის თავისუფლებას საზღვარი აქვს.

ალ-ყაიდას წარმომადგენელმა, აბუ ჰარეთ ალ-ნეზარმა აუდიოჩანაწერი გაავრცელა: "ზოგიერთი ფრანგი არ იყო ზრდილობიანი ჩვენს წინასწარმეტყველთა მიმართ და ეს იყო მიზეზი, რომ მორწმუნეები, ვისაც გვიყვარს ალაჰი, წავედით, რათა გვესწავლებინა, თუ როგორ უნდა მოექცნენ ჩვენს წინასწარმეტყველებს. იმის სასწავლებლად, რომ გამოხატვის თავისუფლებას საზღვრები აქვს".

საფრანგეთში კი, პოლიცია პარიზში მოკლული ტერორისტების თანამზრახველებს ეძებს. მთავარი ფიგურა ჰაიატ ბუმედინია, რომელმაც პარიზში აჰმედ კულიბალისთან ერთად ქოშერულ მაღაზიაში მძევლები აიყვანა, შემდეგ კი გაქცევა მოახერხა. მას პოლიციელები აღწერენ, როგორც შეიარაღებულსა და საშიშს. საფრანგეთის პოლიციამ გუშინ ანტიტერორისტული ოპერაცია ორ ადგილას ჩაატარა. ერთი ხსენებულ ქოშერულ მაღაზიასა და მეორე ჟურნალ შარლი ებდოს თავდასხმაში მონაწილე ძმებ კუაშების წინააღმდეგ, რომელთაც პარიზის ჩრდილოეთით საწყობში ასევე მძევლები ჰყავდათ აყვანილი. აღსანიშნავია, რომ აჰმედ კულიბალი ძმებ კუაშების გათავისუფლებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. სამართალდამცველებმა ოპერაციების შედეგად სამივე მამაკაცი მოკლეს. დაიღუპნენ მძევლებიც. ჯამში, 3 დღის განმავლობაში ტერორისტებმა 17 ადამიანი მოკლეს.

გუშინ საღამოსვე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან პოლიციელებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, ისინი გააფრთხილა შესაძლო მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. პარიზში მომხდარი ტერაქტები კი "ერის ტრაგედიად“ შეაფასა. მისი თქმით, ერთიანობა საუკეთესო იარაღია.

კვირას, პარიზში სოლიდარობის მარში გაიმართება, რომელსაც ევროპელი ლიდერები დაესწრებიან.

პირველი ტერორისტული აქტი ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე 7 იანვარს მოხდა. ძმებმა კუაშებმა 12 ადამიანი მოკლეს. ისინი ისლამისტურ შეძახილებს გაჰყვიროდნენ. აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე, ჟურნალის ოფიციალური ტვიტერით ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაღდადის კარიკატურა გავრცელდა

კომენტარები