მინდია ჯანელიძე

პრემიერი: მინდია ჯანელიძეს არც ეუხერხულება და არც არაფერი

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს "არც ეუხერხულება და არც არაფერი". ასე გამოეხმაურა ღარიბაშვილი მოთხოვნებს თავდაცვის მინისტრის გადადგომის შესახებ. პრემიერმა საზოგადოებას მოუწოდა "ისტერია" დაასრულონ.

"მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. მოწოდებები იმის თაობაზე, რომ ჯანელიძე გადადგეს, მე მგონი ეს არასწორი საუბრებია. მინდა მოვუწოდო, რომ უფრო გონივრული იქნება დროზე დავასრულოთ ეს საუბარი და ეს მართლაც ისტერია. მინდია ჯანელიძესთან მე მქონდა საუბარი, მას არც ეუხერხულება და არც არაფერი. ჩვენ გამოვხატეთ პოზიცია და ის, რომ ნაციონალური მოძრაობის მოწოდებაზე ამხელა აჟიოტაჟი ატყდა, ვფიქრობ ძალიან შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია თავდაცვის სამინისტროსთვის" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრს ამ თემაზე ჯერ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. მის გადადგომას კი საზოგადოების ნაწილი თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ ითხოვს. რამდენიმე დღის წინ კი პრემიერმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ მოეწონა და "ამაზე მინისტრიც ძალიან შეწუხებული" იყო.

კომენტარები