ბლოგი

შეურაცხყოფილი მეომარი და ივანიშვილის ცივი ომი უკრაინასთან

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ახალი დღე ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ახალი სკანდალის მომტანია. ერთის ჩაცხრობას ვერ ასწრებენ, მეორე ფეთქდება. ხელისუფლება თვითმიყენებული ზიანის კონტროლის რეჟიმში მუშაობს. მთავრობის წევრთა მოქმედებების გამართლება არათუ რიგით მხარდამჭერებს, არამედ უმრავლესობის წევრებსაც უჭირთ.

გასული ერთი კვირის მანძილზე ააფეთქეს საყდრისის მაღარო, ბულდოზერებით გაანადგურეს დოღლაურის სამაროვანი. ამ კვირაშივე გაირკვა, რომ შარშან ფინანსთა მინისტრმა წარმატებული მუშაობისთვის საკუთარი თავი და თანამშრომლები ისე დაისაჩუქრა აიფონებით, თითქოს არა ქვეყნის ბიუჯეტი, არამედ მხოლოდ საკუთარი შარვალი გაერღვა.

გუშინწინ ხელისუფლებამ კიდევ ერთი სურპრიზი გაგვიკეთა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირით რუსული პროპგანდის მანქანა ალაპარაკდა. თავდაცვის უწყებამ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილი ანგარებაში ამხილა, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა პროვოკაციაზე წამოგებად მონათლა, ხოლო მის სიკვდილში პოლიტიკურ ოპონენტებს დასდო ბრალი.

სკანდალურმა განცხადებამ თავდაცვის სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე 24 საათი გაძლო. ამ ხნის განმავლობაში სამინისტროს გვერდის ადმინისტრატორი წაშლის ღილაკის მეშვეობით შეუპოვრად ებრძოდა მოქალაქეებს, რომლებიც დაღუპული მეომრის შეურაცხყოფის გამო აღშფოთებას გამოხატავდნენ, ხელისუფლებას ბოდიშის მოხდისკენ, ხოლო მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.

ამ შემთხვევამ რამდენიმე პრობლემა გამოიტანა სააშკარაოზე. ერთი თავად განცხადების შინაარსი და მისი მსგავსება რუსი ჩინოვნიკების რიტორიკასთან, მეორე - რეაგირების ტემპი. მთავრობას ერთი დღე და ღამე დასჭირდა თვითმიყენებული ზიანის მასშტაბის გასაცნობიერებლად და ბოდიშის მოსახდელად. ხოლო მესამე ის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობას არავინ იღებს და ხელისუფლება ისევ სხვაზე გადაბრალებით ცდილობს ფონს გასვლას.
ტექნიკური ხარვეზი და ემოციურ ფონზე დაშვებული შეცდომა - ასე აღწერა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა მისი უწყების მოქმედება მას შემდეგ, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა განცხადება დაიწუნა. ამ ფროიდისეული წამოცდენით ბატონმა ღირსიაშვილმა, რომელიც დღემდე ბურჯანაძის პარტიის დარბაზის წევრებში 41 ნომრად ირიცხება, პრაქტიკულად გაგვიმხილა, რომ თავდაცვის სამინისტროში ასეთი ანტიქართული, ანტიდასავლური და ზოგადად - ანტიადამიანური ემოციური ფონი აქვთ, მაგრამ ზოგჯერ შეცდომა მოსდით და დამალული სააშკარაოზე გამოაქვთ.

თავად ალეკო გრიგოლაშვილი, რომელიც სამინისტრომ "შეცდომაში შეყვანილად" მოიხსენია, მოვლენებს განსხვავებულად აფასებდა - დღეს უკრაინაში წყდება საქართველო ბედი, ჩვენთვის აქ ბრძოლა ნამდვილად არის საქართველოს დასაცავად ბრძოლა - ამბობდა იგი დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე მიცემულ ინტერვიუში. „მინისტრი არის ტექნიკური შეცდომა და მოღალატე, გადადგნენ ის და ღარიბაშვილი," - განაცხადა გრიგოლაშვილის თამამებრძოლმა, უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა.

ამ ინციდენტმა ნათელი გახადა, რომ რაც დრო გადის ივანიშვილის მთავრობას სულ უფრო უჭირს მოთოკოს ანტი-უკრაინული განწყობა. ყველას გვახსოვს ევრომაინდნის შესახებ ვიცი-პრემიერ კალაძის სიტყვები, რომ პროტესტი "ერთ ქუჩას არ სცდება". მისი კოლეგა ჭიკაიძე კიდევ უფრო შორს წავიდა და ევრომაიდანი საფრთხედ დასახა.

ჯერაც არ დასრულებულა ქართული ოცნების ისტერიკა უკრაინის ახალ მთავრობაში ნაციონალური მოძრაობის წევრების მიწვევასთან დაკავშირებით. დღე არ გავა, რომ ივანიშვილის რომელიმე ხელქვეითი უკრაინას ურთიერთობის გაფუჭებით არ დაემუქროს.

თუმცა ვერც ერთ მინისტრის ან დეპუტატის უგვანო გამოხტომა ვერ შეედრება პრემიერის წვლილს უკრაინის წინააღმდეგ ივანიშვილის მიერ წარმოებულ ცივ ომში - ღარიბაშვილმა BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის ახალი მთავრობა ირიბად რუსეთთან მოლაპარაკების სურვილის უქონლობაში დაადანაშაულა, ხოლო მოგვიანებით, Financial Times-ის მეშვეობით მოუწოდა დასავლეთს, არ მისცენ თავდაცვითი იარაღი უკრაინას და გადახედონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

ახლა ისე ჩანს, რომ ხელისუფლება დაგვიანებული ბოდიშით აპირებს თავის დაძვრენას. ალასანიას შემთხვევაში თუ ბამბაც აჩხრიალდა და პრემიერის შეფასებით "უპასუხისმგებლო" განცხადება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა, ვვარაუდობთ ჯანელიძის შემთხვევაში ეს ასე არ მოხდება.

კომენტარები