არასათანადო მოპყრობა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პატიმრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს

"ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ ბოლო თვეების განმავლობაში სისტემატურად ხორციელდება არაადამიანური მოპყრობა", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები საუბრობენ. მათი თქმით, ოქროპირიძე 22 სექტემბერს გლდანის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბათუმის N3 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებული კონკრეტული ადამიანების ვინაობებსაც ასახელებს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობით, რამაც ბოლო თვეების განმავლობაში სისტემატური ხასიათი მიიღო.

ამა წლის 22 სექტემბერს გიორგი ოქროპირიძე გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პატიმრის გადმოცემით, #8 და #3 დაწესებულების თანამშრომლებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებული კონკრეტულად ადანაშაულებს სასჯელაღსრულების #3 დაწესებულების თანამშრომელს, მინდია მალაყმაძეს.

ბრალდებულის განმარტებით, ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიყვანისთანავე მან ითხოვა სამედიცინო დახმარება, რაზეც მიიღო უარი. პასუხად, ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელმა მინდია მალაყმაძემ აგრესიულად მიმართა ბრალდებულს და დაემუქრა, რომ შიმშილობის გამოცხადებისათვის პასუხს აგებდა.ასევე, ბრალდებული აცხადებს, რომ აიყვანეს საკანში, სადაც არ იღებოდა ფანჯარა, არ მოდიოდა წყალი და იყო უჰაერობა.

ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას გიორგი ოქროპირიძე უშედეგოდ სთხოვდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

25 სექტემბერს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, მაგრამ ბრალდებულს არ მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით. ასევე, იგი ამაოდ ითხოვდა და ითხოვს ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას, რადგან ყოველ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულს უწევს დღეში 13 საათი მგზავრობა - ბათუმიდან თბილისამდე და უკან, რათა დაესწროს სასამართლო პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის მიერ სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არის სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე - ვენტილაციისა და წყლით მომარაგების პრობლემა. პატიმართა საბადრაგო ავტომანქანებში არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ვენტილაცია, კაბინაში სივიწროვეა, სკამებს აქვს მყარი ზედაპირი, რაც ხანგრძლივი მგზავრობისას იწვევს ფიზიკურ ტკივილს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს:

საქართველოს მთავარ პროკურატურას, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს #8 და #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტები;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, განხორციელდეს ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის სასწრაფო გადაყვანა ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რათა ბრალდებულმა შეძლოს სასამართლო პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობა და დაცვის უფლების განხორციელება;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს, გაატაროს შესაბამისი ზომები პატიმართათვის ჯანდაცვის უფლების ხელმისავწდომობის უზრუნველსაყოფად;

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროზე, მთავარ პროკურატურაზე განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის უფლებების დასაცავად",- წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები