სახელმწიფო ბიუჯეტი

ხადური: წლევანდელი ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდება

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, წლევანდელი ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდება. ხადური ასევე აღნიშნავს, რომ "ცოტა მეტის" იმედიც აქვთ. ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს პრემიერმინისტრმა ჰკითხა.

"საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით ჩვენ ვართ წინ. გეგმაზე დაახლოებით 70 მილიონით მეტი გვაქვს მობილიზებული და ვფიქრობ, რომ წლევანდელი ბიუჯეტი გადაჭარბებით იქნება შესრულებული როგორც შემოსავლების, ისე ზოგადად შემოსულობების თვალსაზრისით. გვქონდა გარკვეული ჩამორჩენა გრანტების და კრედიტების თვალსაზრისით, მაგრამ ათვისება უკვე ჩამორიცხულია და დეკემბერში ასევე ჩაირიცხება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან და აზიის განვითარების ბანკიდან მისაღები თანხები. ასე რომ, წლევანდელი ბიუჯეტი იქნება შესრულებული 100%-ით და ცოტა მეტის იმედიც გვაქვს", - განაცხადა ხადურმა და აღნიშნა, რომ საგადასახადო სამსახური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით პრობლემები არ არის. 

ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ათვისების მიმართულებითაც წინა პერიოდთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. 

"ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები, თვეში სადღაც 125-130 მილიონი იხარჯება. წინა პერიოდში იყო მავნე პრაქტიკა, როცა ნოემბერსა და დეკემბერში მცირდებოდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ის ნაწილები, რომლებიც დონორების მხრიდან ფინანსდებოდა, ვინაიდან ათვისება ამ მიმართულებით ნაკლები იყო. ჩვენ ბოლო ორი წელია, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ბიუჯეტში ცვლილება საერთოდ არ შეგვიტანია", - განაცხადა ხადურმა.

კომენტარები