საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ხელს არ შეუწყობს, თუკი უკრაინის მთავრობაში ის ადამიანები დაინიშნებიან, რომელთა წინააღმდეგ საქართველოში გამოძიება მიმდინარეობს. სერგეენკომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო დანიშვნის შესახებ კომენტარი დღეს კიდევ ერთხელ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. თუმცა, მინისტრის განმარტებით, ამის მიუხედავად, ვის დანიშნავს უკრაინის ხელისუფლება მთავრობაში, ეს თავად უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია.
"თავისთავად, ვის დანიშნავს უკრაინის ხელმძღვანელობა მთავრობაში, ეს მათი გადასაწყვეტია და აქ არავითარი კითხვის ნიშანი არ შეიძლება იყოს. მაგრამ თუკი გადაწყვეტენ, რომ დანიშნონ ის ადამიანები, რომლებზეც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რა თქმა უნდა, ეს არ შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ისეთი ადამიანების დანიშვნა, ვისზეც თავის ქვეყანაში საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს, ნამდვილად არ იქნება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ხელის შემწყობი", - განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, უკრაინული მედია საქართველოს ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა მაღალჩინოსნის მაღალ თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნის შესახებ უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში იუწყება. უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო KyivPost-მა გუშინ ინფორმაცია გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ, თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მან უარი თქვა შეთავაზებაზე.
წინა კვირას გავრცელებული ცნობის მიხედვით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე, შესაძლოა, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დაინიშნოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმავე პოსტზე ეკა ზღულაძის კანდიდატურის განხილვის შესახებ. ამასთან, ფრაქცია პეტრო პოროშენკოს ბლოკმა უმაღლეს რადას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი წარუდგინა.





