დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2014 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით 59.5% შეადგინა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, პირველი ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0,8%-ით ნაკლებია.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.2% შეადგინა. აქედან ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 9.9%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4,8%. ამასთან, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82%, ხოლო ევროს წილმა - 15% შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების ჯამური ღირებულება 10.7 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ოქტომბრის მონაცემებს 8 მილიონი ლარით აღემატება.
დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირება სხვა ვალუტების, მათ შორის - ეროვნული ვალუტის საფინანსო როლის ზრდაზე მიანიშნებს.