ფარული მიყურადება

იზორია მოსმენებზე: ჩვენს ქვეყანაში ექსპერიმენტის დრო არ არის

police.ge

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია მოსმენებთან დაკავშირებით, ფიქრობს, რომ ქვეყანაში ექსპერიმენტების დრო არ არის. მისი თქმით, ამ საკითხში მისი პოზიცია პრემიერმინისტრისას ემთხვევა. 

"ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ემთხვევა პრემიერის პოზიციას. ექსპერიმენტის დრო არ არის ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, ის პროექტი, რომელიც ასევე წარედგინა მეორე პროექტის სახით პარლამენტს, ითვალისწინებს, რომ მარეგულირებელ კომისიას გადაეცეს ტექნიკური მიერთების შესაძლებლობა პროვაიდერთან. ასეთი პრაქტიკა არ არსებობს მთელს მსოფლიოში. კანონიერი მოსმენის სისტემის ფარგლებში სტრუქტურა, რომელსაც აქვს კერძო პროვაიდერთან ტექნიკური მიერთება, ყველგან უკლებლივ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში, კერძოდ კი, სამართალდამცველი ან უშიშროების სამსახურების ფარგლებში.

აქედან გამომდინარე, ეს მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლების გარეთ ასეთი სტრუქტურის არსებობას, არის ნონსენსი. საზოგადოებრივ წესრიგზე, ადამიანის უფლებაზე, დაცვაზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე ზრუნვა არის კლასიკური ფუნქცია აღმასრულებელი ხელისუფლების. კონკრეტულად კი - სამართალდამცველი უწყებების. შესაბამისად, ასეთი სტრუქტურა, რომელსაც ტექნიკური მიერთება აქვს კანონიერი მოსმენებისთვის კერძო პროვაიდერთან, ყოველთვის და ყველგან არის აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში", - თქვა იზორიამ.

კომენტარები