კახა ბენდუქიძე

კახა ბენდუქიძე - მომავლის არქიტექტორი

Kakha Bendukidze
Tabula

Nov 10 (6 days ago) 
Natia Khantadze <[email protected]> to Kakha

გაუფრთხილდით თავს. დედაჩემის ამბის შემდეგ ცხოვრება ჩემთვის ძალიან მყიფე გახდა და სულ მგონია, რომ ადამიანი შეიძლება ერთ წამს იყოს და წამიერად გაქრეს. 

დაისვენეთ თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ.

Nov 10 (6 days ago)
Bendukidze, Kakha A. to me

ბინდისფერია სოფელი,
თანდათან უფრო ბინდდება,

რა არის ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდდება,
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც
ბალახი აბიბინდდება.

ეს არის ჩემი და ბატონი კახას ბოლო მიმოწერა. შემდეგ 13 ნოემბერს მივწერე „როგორ ხართ?“ და პასუხი აღარ მიმიღია. მახსოვს 13 ნოემბრის დღე, თავისუფალი უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოს ვგეგმავდით და შეხვედრაზე ყველა ერთმანეთს ვეკითხებოდით „ხომ არ გამოჩენილა ბატონი კახა?“.

დღეს 16 ნოემბერია, ვფიქრობ, როდის ჩამოასვენებენ ბატონ კახას ლონდონიდან და თან ცრემლებს ვერ ვიკავებ. თან მახსენდება „ნათია, თქვენც ჩემს მსგავად ტირით ხოლმე, ეს სასტიკ ადამიანებს გვახასიათებს“, ბატონმა კახამ იცოდა ასეთი უცნაური შედარებები, მის კაბინეტში დეკანების შეკრებებზე შოკოლადს რომ ჩამოარიგებდა, ჩემ გვერდით მჯდომს ეტყოდა, "მიირთვით, ნათიას არ გადააწოდოთ, მე და ნათიას ჭარბი წონა გვაწუხებს“, „ნათია, ამ უნივერსიტეტში ცნობილია, რომ მე და თქვენ გვაქვს ყველაზე მძიმე ხასიათი“...

ბატონ კახასთან ერთად 2007 წლის თებერვლიდან ვმუშაობ. არასოდეს მითქვამს მისთვის კომპლიმენტი. ამაზე ხშირად შაყირობდა, განსაკუთრებით, როცა სამსახურში რთული სამუშაო პერიოდი დასრულდებოდა, დაღლილობისგან გამოფიტული მივიდოდი მასთან გვიან ღამით სასაუბროდ და ბოლოს ვიტყოდი „აღარ მინდა ამდენი მუშაობა და თქვენს გამო მაინც ვმუშაობ.“ „ნათია, რატომ გიკვირთ, რომ ამბობენ მძიმე ხასიათი აქვსო, ნახეთ, ეხლა გინდოდათ გეთქვათ, რომ მე გიყვარვართ და ამის ნაცვლად მითხარით, რომ ბრაზობთ რომ მე გიყვარვართ“. მერე მეცინებოდა და ვეღარ ვბრაზდებოდი. ბოლოს სკაიპით დაახლოებით ორი კვირის წინ ვისაუბრეთ, ზაფხულიდან აღარ იყო თბილისში და დისტანციამ ბევრი რამ ცხადი გახადა, რაც სიახლოვეში ასე მკაფიოდ არ ჩანდა. პირველად ვისაუბრეთ ისე, როგორიც იყო ჩვენი ურთიერთობა, როგორც ახლობელმა ადამიანებმა.

სანამ წავიდოდა, მახსოვს, მაკას, რომელიც იმ დროს მისი თანაშემწე იყო, სთხოვა, დაეთვალა 2014 წელს რამდენი შეხვედრა გვქონდა მხოლოდ მე და მას. ხშირად საუბრისას მითქვამს „აჭარბებთ“, „ნუ მანიპულირებთ“ და იმ ჯერადაც მიმტკიცებდა თქვენ ყველაზე მეტს გესაუბრებითო. შემდეგ ამ მტკიცების დასადასტურებლად დათვალა მაკამ, რამდენი წუთი დავხარჯეთ ბატონმა კახამ და მე საუბარში. ციფრი აღარ მახსოვს, მახსოვს, მაკამ რომ ციფრები მოგვწერა, ბატონი კახა მწერდა, „ხედავთ?“, ციფრები მართლაც მეტყველებდა.

ბატონი კახა ჩემთვის ციფრების ჯადოქარი იყო. პროგრამების დაგეგმვისას ხშირად ამბობდა „დავთვალოთ, დავთვალოთ“. ასე დავთვალეთ, რომ შეგვეძლო უნივერსიტეტში გვქონოდა „გარდამავალი დაფინანსების პროგრამა“. ამ პროგრამით სტუდენტები სწავლობენ თავისუფალ უნივერსიტეტში და დასაქმების შემდეგ იხდიან სწავლის საფასურს. ასე თვლიდნენ 2008 წელს ომის დროს ბიუჯეტში თანხა რაზე იხარჯებოდა და საიდან შეიძლებოდა თანხების მოძიება დევნილების დაბინავებისათვის. ასე თვლიდნენ ქეთი ქინქლაძე და ირაკლი ბერეკაშვილი 2004 წელს ელექტროსისტემის, შემდეგ რეგიონების გაზიფიკაციის ხარჯებს. ბატონი კახას დავალებით გიორგი მელაძემ დათვალა თავისუფალი უნივერსიტეტის ახალი კამპუსის აშენების ხარჯები, შემდეგ ლაშა გოცირიძესთან ერთად აგრარულ უნივერსიტეტში ჩასადები ინვესტიციების ოდენობა. მარინა ქარჩავა უკვე 2 წელია თვლიდა 2 უნივერსიტეტის აკადემიურ ხარჯებს, ვატო ლეჟავასთან და თამუნა კოვზირიძესთან ერთად. თამუნა და ვატო მანამდე თვლიდნენ ცოდნის ფონდიდან სტუდენტების სწავლის დაფინანსებისათვის გამოსაყოფ თანხებს. ნუცა ბათიაშვილი თვლიდა დოქტორანტურის პროგრამების ხარჯებს, ტატო ალექსიძე მართვის პროგრამის.

ალეკო შელიას ყველაზე მეტად ემახსოვრება ბატონი კახას დათვლის მანია. სანამ სხვა სამსახურში გადავიდოდა, ალეკო იყო კომერციული დირექტორი და ყველაფერს თვლიდა, თევზსაშენში გარდაცვლილი თევზების შენახვის ხარჯებსაც. გიგა შუბითიძემ და ილია უმუდუმოვმა დათვალეს ლეპტოპის ხელსაყრელი განვადებით ყველა სტუდენტისთვის დარიგების ხარჯები. გაგა კაპანაძემ და მედიასტუდიის თანამშრომლებმა მედიასტუდიის შექმნის ხარჯები. ანა მილაშვილმა ტაო-კლარჯეთის ექსპედიციის ხარჯები, გიორგი კასრაძემ ბაზალეთის ტრენინგ ცენტრის მშენებლობის და რემონტის ხარჯები. ლექსო ჩიკვაიძემ „ბენდუქიძის დასახლების“ მშენებლობის ხარჯები.

ბატონი კახა მართლაც ყველაფერს თვლიდა, ასევე თვლიდა რამდენი წელი გვჭირდება, რომ საქართველო გახდეს ყველაზე წარმატებული სახელმწიფო. ბატონი კახა ციფრების ჯადოქარი იყო, ისე თვლიდა, რომ ყველაფერი გამოსდიოდა. საქმის გარდა შეეძლო რითმებისა და ადამიანების ქცევის მოლოდინების დათვლა. ერთხელ ისიც დამითვალა რა ალბათობაა შევხვდე ჩემი ცხოვრების პარტნიორს. თან შაყირობდა „თქვენ ჩემს გარდა ვერავინ გაგიძლებთ, იმიტომ რომ ქართველ მამაკაცებს ძლიერი ქალები აშინებთ, თავს თქვენთან პატრიარქად ვერავინ იგრძნობს. ზოგჯერ თქვენი პრინციპულობის მეც კი მეშინია“. „რა ალბათობაა, რომ ნახავთ 28-38 წლამდე ადამიანს, რომელიც ჩემსავით ძლიერი, უფრო ახალგაზრდა, ჭკვიანი და კარგი ხასიათის იქნება?“ ბოლოს მითხრა „ამიტომ განაგრძეთ იმის კეთება, რაც კარგად გამოგდით, იმუშავეთ“.

თვითონ მართლა სულ მუშაობდა, ხშირად დამიწუწუნია, „აღარ შემიძლია, სულ ვმუშაობ“ „ნათია, მე მეუბნებით ამას?“ და გაიღიმებდა, როგორც იცოდა, კეთილი, დიდი ბავშვივით. სულ მიკვირდა, ადამიანები რომ მეკითხებოდნენ „არ გიჭირს ბატონ კახასთან მუშაობა?“. ერთხელ მთხოვა ანდრო გიგაურს შევხვედროდი, რომ გვემსჯელა, როგორ ჩაგვერთო სამართალი სკოლის საქმიანობაში და მახსოვს, ანდრო მეკითხებოდა „ხშირად ჩხუბობს?“, ღელავდა. მერე ბატონ კახას ვუყვებოდი „დააშინეთ ხალხი, ყველა ნერვიულობს, რომ ეჩხუბებით“ „ნათია, თქვენთან მიჩხუბია ოდესმე?“ რომ დავფიქრდი, მართლა ვერ გავიხსენე, მაგრამ ჯიუტად ხმას არ ვიღებდი, რადგან ბევრჯერ შევსწრებივარ სხვა თანამშრომლებთან ჩხუბს. ვახო მეგრელიშვილი ერთხელ ისე შეწუხდა, მახსოვს შეხვედრა ჩაიშალა, ვახო ბატონ კახას უხსნიდა „კი, შეეშალა ... მაგრამ მაინც არ შეიძლება ასე ჩხუბი“. „გინახიათ უმიზეზოდ მეჩხუბა ვინმესთან?“, „არა“. ეს სიმართლე იყო, მე მართლა არ მინახავს ბატონ კახას უმიზეზოდ ეჩხუბა.

პირადად მე არასოდეს გამჭირვებია ბატონ კახასთან მუშაობა. პირიქით, ჩემთვის მასთან მუშაობა დიდი თავგადასავალი იყო. ჩემი არაერთი ნაცნობისაგან და ზოგჯერ მეგობრისგანაც მომისმენია ფრაზა „ამას რას ეკითხები, ბენდუქიძესთან მუშაობს“, „ეს დამპალი კაპიტალისტია“, „ამან გაყიდა საქართველო“, - ხუმრობით და ზოგჯერ სერიოზულადაც. ხშირად ამ ფართოდ ტირაჟირებული ცრურწმენის გამო მეც მტკენია გული.

ამაზე, ბატონი კახა იცინოდა, თვითონ ჰყვებოდა მის შესახებ არსებულ „ჩაბუდებულ“ ცრურწმენებზე. 2008 წელს მაისში, მეწარმეთა შესახებ კანონის ცვლილებებზე ერთი ამბავი რომ ატყდა, შეგვკრიბა სამუშაო ჯგუფი  „პარლამენტში ჰგონიათ, რომ შეთქმულებას ვაწყობთ, მოდი გავაკეთოთ რეალითი შოუ, დავაყენოთ ჩვენს სართულზე კამერები და ყველამ ნახოს როგორ ვმუშაობთ“. ასეც გააკეთებდა, რომელიღაც მთავრობის წევრს რომ არ ეთქვა - არ შეიძლება ამის გაკეთებაო.

ჩემი სტუდენტებიც ხშირად მინახავს გულდაწყვეტილი, როდესაც მათ „იდეოლოგიზებულ ბაჭიებს“ და ათას სისულელეს უწოდებდნენ მათი ნაცნობები. ერთხელ ჩემმა სტუდენტმა ლიკა კვანტალიანმა გაბრაზებულმა მიახალა რომელიღაც სხვა უნივერსიტეტის სტუდენტს: „მე საერთოდ მემარცხენე ვარ, მაგრამ მშვენიერად ვგრძნობ თავს უნივერსიტეტში და არავინ მიშლის აზრის გამოხატვას“.

ასევე გვეღიმებოდა ქალბატონი მარინა მუსხელიშვილის მიერ ატეხილი ამბის გამო. მას სურდა პოლიტიკური იდეოლოგიების კურსის წაკითხვა და როდესაც გასაუბრებაზე ვახო მეგრელიშვილმა ჰკითხა, თავად რომელ პოლიტიკურ იდეოლოგიას იზიარებდა, ერთი ამბავი დააწია, განაცხადა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა და უფლება აქვს პასუხი არ გასცეს. ამის შემდეგ, მახსოვს, ალეკო შელია „ახალგაზრდა კომსომოლად“ მოიხსენია თავის წერილში და განაცხადა, რომ სამსახურში პოლიტიკური ნიშნით არ აიყვანეს. ჩვენ გვეღიმებოდა.

იმდენი ადამიანი მუშაობს ჩვენთან, ყველა იდეოლოგიის და იდეოლოგიის არმქონეც. მე ჩემს სამსახურში ეს მრავალფეროვნება მიყვარს, ბაია პატარაიას, რომლის მოსაზრებების ნაწილს აბსოლუტურად არ ვიზიარებ, წინა სემესტრში ჰქონდა კურსი ანტიდისკრიმინაციულ სამართალზე. მანამდე, ბატონმა კახამ ლამის სამსახურში აიყვანა. ბოლოს ისე მოხდა, რომ მან იუსტიციის სამინისტროში დაიწყო მუშაობა, წლების შემდეგ ბატონ კახასთან რაღაცაზე ვახსენე და მეუბნებოდა „უთხარით, მოვიდეს, ქალთა კლუბის გაკეთება თუ უნდა, შევუწყობ ხელს“. ხშირად ამბობდა „საქართველოში ქალები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე კაცები“.

არ დამავიწყდება, დღევანდელი იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი გასაუბრებაზე როგორ გვეკითხებოდა მე და ვახო მეგრელიშვილს - „ბატონმა კახამ იცის, რომ შეიძლება მე ამიყვანოთ სამსახურში?“. თავადაც ვერ იჯერებდა, რადგან ეგონა, მისი პოლიტიკური კარიერა, რომელსაც 2011 წელს იწყებდა, არასასურველ ლექტორად აქცევდა. საბოლოოდ, მან თავად გვითხრა უარი ლექტორობაზე, რადგან თვლიდა, რომ პოლიტიკური საქმიანობისათვის სურდა მეტი დროის დათმობა. ასევე არ დამავიწყდება, როგორ ვთხოვდით 1 წელი ბატონ დავით სულაქველიძეს, ჩვენთან წაეკითხა ლექციები, ძალიან გაუკვირდა და ბოლოს ბატონ კახას შეხვდა და დაგვთანხმდა. შარშან მისთვის ნაცნობ, უზენაესი სასამართლოს შენობაში გამართულ, გამოსაშვებ საღამოზე, როდესაც მას საუკეთესო ლექტორის ჯილდო გადავეცით, მოვიდა ჩემთან და მითხრა, „რა კარგი ქნა ბატონმა კახამ, რომ 3 წლის წინ დამითანხმა ლექტორობაზე“. 

ერთხელ ბატონ კახას დაბადების დღეს რომ ვულოცავდი, მივწერე - „თქვენ უნიკალური უნარი აღმოგაჩნდათ, გააერთიანოთ ადამიანები, რომლებიც თქვენს გარეშე ერთად არასოდეს იმუშავებდნენ“. მართლა ასე იყო, მისი სიძლიერე ყველაზე მეტად ამაში ჩანს, ჩვენ, მისი უნივერსიტეტების თანამშრომლები, ერთი გუნდი ვართ - მაგრამ არც სოციალური კლასი, არც ნათესაობა, არც სქესი, რელიგია, არც გემოვნება არ გვაერთიანებს. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ფასეულობები და საქმე. ხშირად ვჩხუბობთ და ვკამათობთ, ზუსტად ისე, ოჯახის წევრები რომ ჩხუბობენ. ამის გამო შარშან ბატონი კახა ორი უნივერსიტეტის მმართველობის საერთო შეხვედრებზე ვეღარ გვაჩუმებდა და ბოლოს მოსამართლის ჩაქუჩს მიაგნო წესრიგის დაცვისათვის. ახლა ვფიქრობ, რომ გარეთ ეს ყველაფერი არ ჩანს. არ ჩანს იმიტომ, რომ გარეთ ერთი პოზიცია გვაქვს. ასე იყო, როცა ჩამოგვართვეს ავტორიზაცია და ასე იქნება მომავალშიც, თუკი რაიმე საფრთხე დაემუქრება უნივერსიტეტებს.

14 ნოემბერს პირველი კურსის სემინარზეც, ბატონ კახაზე ვსაუბრობთ. და ვხედავ, რომ ჩემს წინ სტუდენტი ცდილობს არ იტიროს, ერიდება, რომ ცრემლს ვერ იკავებს. ეს სტუდენტი ბატონ კახას პირადად არასოდეს შეხვედრია. მახსენდება, რომ მას ბატონი კახას დაფუძნებული ფონდიდან სწავლის პირველ დღეს სასწავლო გრანტი გადავეცი, რადგან საუკეთესო აღმოჩნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით.

თამუნა თომაშვილი მწერს ჰააგიდან, გაიგო კახას გარდაცვალების ამბავი. თამუნა ჩვენს 2 პირველკურსელსა და მათ მასწავლებელთან ერთად საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოშია. ეს პროგრამაც ერთად მოვიფიქრეთ, მახსოვს, რომ ვუყვებოდი პროგრამაზე, მითხრა - “ნათია ეს დაეზარებათ, მაშინ რაიმე ჯილდო დავაწესოთ, რომ წავახალისოთ“, „მოიფიქრეთ და გავაკეთოთ“. ეს ფრაზა ბოლო 6 წლის მანძილზე ბატონი კახასგან ალბათ ყველაზე ხშირად გამიგია. ასეც ხდებოდა, ვფიქრობდით, ვმუშაობდით და ვაკეთებდით. ასე გავაკეთეთ სამართლის პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულებიც ალბათ ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა ქართველი იურისტები არიან. ისეთ ორგანიზაციებში მუშაობენ, ბატონი კახა „ელიტურს“ რომ უწოდებდა. ხშირად ამბობდა - „ნათია, ჩვენ სტუდენტებს უნდა ვასწავლოთ შავი მუშაობა, მხოლოდ ასე გახდებიან კარგი იურისტები". ასე გავაკეთეთ სამართლის კლინიკები, რომლებშიც სტუდენტები მათ ზედამხედველ ადვოკატებთან ერთად ადამიანებს ეხმარებიან, იმ ადამიანებს, რომლებსაც სამართლებრივი პრობლემა აქვთ, მაგრამ კარგი ადვოკატებისა და იურისტების მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებათ.  

15 ნოემბერს აქციაზე წავედი, ჩვენი სტუდენტები და მეგობრები შემხვდნენ და ყველა კახაზე ვსაუბრობდით, ამ დროს გვერდით ძალიან მოხუცი ქალი და მის წინ ბავშვი დავინახე, ბავშვს კახას ფეისბუქის გვერდიდან ჰქონდა პლაკატი გაკეთებული „არა ოკუპაციას“, არ ვიცი, თვითონ გააკეთა თუ ვინმე დაეხმარა. წამიერად გავიფიქრე, შეიძლება ეს ბავშვი იმ საქართველოში ცხოვრობდეს, რომელშიც ფრაზა „არა ოკუპაციას“ მნიშვნელობის მქონე აღარ იქნება. ისე როგორც დღეს ფრაზა „3 ლარი გაქვს პოლიციელს რომ მივცე?“ აღარ არის მნიშვნელობის მქონე. მერე ვიფიქრე, რომ უკანასკნელში უშუალოდ მიუძღვის წვლილი ბატონ კახას და მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენს უნივერსიტეტებში გაზრდილი თავისუფალი ადამიანები თავისუფალ სახელმწიფოს შექმნიან, რომელშიც ფრაზა „არა ოკუპაციას“ „ოკუპაციის მუზეუმში“ შეინახება.

აქციამდე 15 ნოემბერს, სამართლის სკოლის წლევანდელ კურსდამთავრებულებს შევხვდი, გამოსაშვებ საღამოზე დაგეგმილი გვქონდა შეხვედრა და აღარ გადავდეთ. შეხვედრისას ბატონი კახას გარდაცვალების შესახებ ყველამ იცოდა, ვისხედით და ვსაუბრობდით მასზე. შეხვედრა დიდი ხანი გაგრძელდა. „ჩვენ განსაკუთრებით ვუყვარდით“, ამბობდნენ სტუდენტები. სამართლის კლუბი ჰქონდა გაკეთებული და სტუდენტებს უცნაურ დავალებებს აძლევდა - „დაწერეთ კვერცხის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც დააზღვევს მყიდველის ყველა რისკს“, „დაწერეთ აისბერგის იჯარის ხელშეკრულება“.

ყველა სტუდენტს იცნობდა, ერთ-ერთ ბოლო საუბარში სამართლის პროგრამის კურსდამთავრებულზე, თამუნა ქოჩაკიძეზე მიყვებოდა, ლონდონში შეხვდნენ, „რა კარგი გოგო გავზარდეთ“, მეცინებოდა, „ბატონო კახა, ჩვენ რა გავზარდეთ, მისმა მშობლებმა გაზარდეს“, „ხო, მაგრამ ჩვენ საშუალება არ მივეცით, რომ გაფუჭებულიყო“. მარიამი და ელენე მეუბნებიან, რომ ახლა თავს ობოლ ბავშვებად გრძნობენ, თან ტირიან. იხსენებენ, ბატონმა კახამ ძალით როგორ ასწავლა მათემატიკა. როგორ იბარებდა შეხვედრებზე ხან ოკუპაციისადმი მიძღვნილი წიგნის, ხან კი ეკონომიკური რეფორმების შესახებ.

ბოლო დღეებში სამართლის პროგრამის ბევრი სტუდენტისგან მოვისმინე ფრაზა „ჩვენ განსაკუთრებით ვუყვარდით“. შარშან, სამართლის პროგრამის პირველი გამოშვების საღამოზე ბატონი კახა ამბობდა - „ნახევარი ჩემი ცხოვრება იურისტებთან ბრძოლას შევალიე“, „კარგია და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები სცემდნენ პატივს კანონს. ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანონები სცემდენენ პატივს ადამიანის თავისუფლებას“, „მიხარია, რომ ჩვენი სტუდენტები იქნებიან წარმატებულები, მაგრამ ამავე დროს, მათ ექნებათ თავისუფლების მიმართ პატივისცემა და განცდა, რომ ეს არის ადამიანის უფლება, იყოს თავისუფალი, რისკენაც მომართულია მთელი სამართალი და იურისტის საქმიანობა“.

14 ნოემბერს ღამით კამპუსზე ახალგაზრდები მოვიდნენ. ისე ტიროდნენ, როგორც ახლო ადამიანის, ოჯახის წევრის ან მეგობრის დაკარგვას ვტირით ხოლმე ადამიანები. მოვიდნენ ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და მომავალი სტუდენტებიც. მათი ცრემლები და გულისტკივილი ეძღვნებოდა ადამიანს, რომლის რეფორმებმაც თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველო შექმნა. მათი საშუალო ასაკი 35 წელს არ აჭარბებდა.

ახლა, ამას რომ ვწერ, ვაცნობიერებ, რომ ამდენი ადამიანის სიყვარულსა და გულისტკივილს თავად ვერ გრძნობდა ბოლო პერიოდში. ძალიან მწყინს, როცა ვფიქრობ, რომ ბატონი კახა ლონდონში სასტუმროში მარტო გარდაიცვალა. თან მახსენდება, ბოლო პერიოდში სისხლის სამართლის გამოძიების ისტორიებს რომ მიყვებოდა. როგორ დაკითხეს მშენებლები და როგორ ცდილობს გამოძიება, რომ მის წინააღმდეგ „შეკეროს საქმე“. „ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ ალბათ დიდი ხანი ვერ ჩამოვალ“. მგონია, რომ ქართული საზოგადოების უსამართლობის ნიშანია, რომ ბატონი კახა სახლიდან, მისი უნივერსიტეტებიდან და მისი დიდი ოჯახიდან შორს, მარტო გარდაიცვალა.

ვფიქრობ ჩემი სტუდენტების ცრემლიან თვალებზე და მჯერა, რომ მათ იციან, რომ ბატონი კახა იყო საქართველოს მომავლის არქიტექტორი, მან უნივერსიტეტების სახით შექმნა თავისუფალი ქართული საზოგადოების დიდი პროექტი. ჩვენ დაგვიტოვა ეს პროექტი, „კახას ბავშვებს“, როგორც 2008 წელს საქართველოს პარლამენტში შეგვარქვეს, როცა საკომიტეტო განხილვებზე მივდიოდით. შეგვიძლია შევქმნათ ისეთი საზოგადოება, რომელშიც კახა ბენდუქიძეს არ მოუწევს ლონდონში გახიზვნა. საზოგადოება, რომელშიც ადამიანები შეძლებენ მათი შეხედულებების მიხედვით ცხოვრებას, ღიად და საჯაროდ საკუთარი, მკაფიო პოზიციების დაცვას. საზოგადოება, რომელიც იქნება ეკონომიკურად ძლიერი, რომელშიც ბევრი განსხვავებული ადამიანი შეძლებს მშვიდობიან თანაცხოვრებას, დააფასებს კერძო საკუთრებას და თითო ინდივიდის თავისუფლებას, როგორც ადამიანების თანაცხოვრების საფუძველს.

ეს არის ბატონი კახას მემკვიდრეობა - პროექტი თავისუფალი საქართველო - რომელიც თავისუფალი სამყაროს განუყოფელი ნაწილია. მისი განხორციელება თითოეულ ჩვენგანზეა.

კომენტარები