ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, "ხელისუფლება 15 ნოემბრის აქციაზე მისასვლელად მოქალაქეებს ხელს უშლის". ამის შესახებ ენმ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს და აღნიშნავს, რომ "საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონში კოალიცია ქართული ოცნების მიერ მართულმა მუნიციპალიტეტებმა საბჭოთა ტიპის ლენინური შაბათობები მოწყვეს". მათივე თქმით, უშიშროების სამსახურებმა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები დააშინეს, რამდენიმე რაიონში უჩვეულო სპორტული ღონისძიებები გამართეს, მაგალითად, საგარეჯოში ტრასის ფეხბურთი და გარდაბანში მარათონი. ენმ-ის განცხადებითვე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში პოლიციის უფროსი პირდაპირ ემუქრებოდა აქციაზე წასვლის მსურველებს ნარკოტიკის ჩადებით, ხოლო ზუსტად აქციის ჩატარების დროს, 16:00-ზე თბილისის მერიის ბაღების სააგენტომ დანიშნა თათბირი; ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის ინფორმაციით, თბილისში ყველა ბაღის დირექტორს წინა დღით დაავალეს დეზინფექციის ჩატარება შენობებში.
"გვსურს გავიხსენოთ, რომ მმართველი კოალიციის ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებიც კვაზი-საზოგადოებრივი ჯგუფების სახელით მოქმედებენ, და ექსტრემისტული ფუნდამენტალისტური ჯგუფები რეგულარულად აწყობდნენ თავდასხმებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ თუ რეგიონულ ოფისებზე და პერიოდულად ცდილობდნენ ჩვენს მიერ დაორგანიზებული პოლიტიკური აქტივობებისათვის ხელის შეშლას. იგივე ჯგუფებმა არაერთხელ მიმართეს ძალადობას სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ და სრული დაუსჯელობით სარგებლობენ ხელისუფლების მხრიდან. ამ ძალადობრივი, სიძულვილის ენით მოლაპარაკე ჯგუფებისგან 15 ნოემბრის აქციის მზადების პერიოდშიც გაისმოდა მუქარის მოწოდებები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. მათ მიმართ გაფრთხილება პრემიერ ღარიბაშვილს არ გაუკეთებია" - აცხადებს ენმ და აღნიშნავს, რომ "15 ნოემბრის აქცია მშვიდობიანია, ჩატარდება კანონის ყველა ნორმის დაცვით და იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება არ დაარღვევს ჩვენს კონსტიტუციური უფლებებს".
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებითვე, რეაქცია, რომელიც 15 ნოემბრის აქციის გამოცხადებას მოჰყვა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, "ხელისუფლების არადემოკრატიულობის მკაფიო მაგალითია". პარტია იხსენებს მთავრობის მეთაურის 29 ოქტომბრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ენმ 15-15 ლარს ურიგებს მოქალაქეებს, რათა ისინი აქციის მიმდინარეობისას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მასობრივი ძალადობის პროვოცირება მოახდინონ.
"პოლიტიკური ოპოზიციის ორწლიანი მიზანმიმართული დევნის და ფიზიკური ანგარიშწორების შემდეგ, საზოგადოებაში მთავრობის მიმართ მზარდი უკმაყოფილების ფონზე, პრემიერი ღარიბაშვილმა 14 ნოემბერს წერილობითი განცხადება გაავრცელა. წერილში იგი, მისი და მისი მთავრობის წევრთა ტრადიციული განცხადებებისგან განსხვავებულ ტონში საუბრობს და აღიარებს საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებას, მშვიდობიანად შეიკრიბონ და გამოხატონ თავისი პროტესტი. თვალსაჩინოა, კონტრასტი ქართული აუდიტორიისთვის ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებებსა და საერთშორისო აუდიტორიაზე გათვლილ წერილობით განცხადებას შორის. თუმცა ამ ბოლო, წერილობით განცხადებაზე უკეთ ხელისუფლების მოტივაციას მისი ქმედება წარმოაჩენს.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპროტესტო მსვლელობა და მიტინგი თბილისის ცენტრში სახელწოდებით - „არა ანექსიას“ იმ ქმედებების საპასუხოდ დაგეგმა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მორიგი ხელყოფის მიზნით ახორციელებს. მოსკოვი აპირებს სოხუმთან და ცხინვალთან ახალი ხელშეკრულებები გააფორმოს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული 2 რეგიონის პირდაპირი ანექსიის საფრთხეს შეიცავს.
აქციას, რომელსაც სხვა პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები შეუერთდნენ, მიზნად აქვს დაანახოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ეგუებიან კრემლის აგრესიულ, რევანშისტულ და რევიზიონისტულ პოლიტიკას თავის სამეზობლოში.
იმავდროულად აქცია გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომელიც 2 წელია გაუაზრებელ და გაუმართლებელ პოლიტიკას ატარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ და ზოგადად, ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრის ნაცვლად, დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით, მათთან ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიძულვილის მოქადაგე, მოძალადე ჯგუფების წახალისებით" - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.





