სესიაშვილი: გაერთიანებული ვართ დეოკუპაციისთვის, მაგრამ არა ენმ-ის ორგანიზებით

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, "არ მგონია, რომელიმე მორალური ნდობით აღჭურილმა პირმა თუ პარტიამ მონაწილეობა მიიღოს ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ რაიმე ტიპის აქციაში". ამის შესახებ სესიაშვილმა ტაბულას ეთერში თქვა. მან გადაცემა თეორემას წამყვანის შეკითხვას უპასუხა - "არ ფიქრობთ, რომ ქვეყნისთვის და პოლიტიკური ძალისთვის უფრო  მომგებიანი იქნებოდა 15 ნოემბრის აქციაში მონაწილეობა, რადგან ეროვნული თანხმობის დემონსტრირებას მტრის წინაშე ქვეყნის ინტერესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს". სესიაშვილის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება გაერთიანებულია იმისთვის, რომ ოკუპაცია მოხდეს, მაგრამ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით.

"არ მგონია, რომ იუმორისტულ გადაცემაში ვარ, რადგან არ მგონია, რომელიმე მორალური ნდობით აღჭურილმა პირმა თუ პარტიამ მონაწილეობა მიიღოს ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ რაიმე ტიპის აქციაში. იმ პარტიის, რომელმაც ზუსტად იქ, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლი დაღვარა, როდესაც დაარბია ისინი. ასე რომ ღმერთმა დამიფაროს, ოდესე ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაში მივიღო მონაწილეობა და გარანტიასაც გაძლევთ, რომ ამას არ გავაკეთებ. რაც შეეხება იდეას, რა თქმა უნდა, ქვეყანა, ყველა ერთად გაერთიანებული ვართ, რომ ქვეყნის დეოკუპაცია მოხდეს, მაგრამ არა იმ ძალის ორგანიზიებით, რომელსაც სამწუხაროდ, დღევანდელ შედეგებზე პასუხიმგებლობა აკისრია" - თქვა სესიაშვილმა.

კითხვაზე, თქვენ ხომ არ აპირებთ მსგავსი აქციის ორგანიზებას? სესიაშვილი პასუხობს, რომ "ჩვენ ხელისუფლებაში ვართ და ჩვენ პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები მოვაგვაროთ და არა ქუჩაში გავიდეთ და მიტინგი ვაწყოთ ისე, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოხდა, როდესაც ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი გმირების ცხედრები იხრწნებოდა და შუა რუსთაველზე კონცერტი იმართებოდა". უმრავლესობის დეპუტატის აზრით, "ამის გამეორება, ამ კონცერტის მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება უნდა ნაციონალურ მოძრაობას". მისი თქმით, ქართული ოცნება ასე არ ვაპირებს ქვეყნის მართვას.

"ქვეყანას სჭირდება სერიოზული სტრატეგია, ამისთვის სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, რასაც ხელისუფლება აკეთებს კიდეც. ამიტომ, ჩვვენთვის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია ქვეყნის დეოკუპაცია, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება თანმიმდევრული სწორი ნაბიჯების გადადგმა და არა დროშების ფრიალი და აქციების ჩატარება. მეტიც, მე ენმ-ს ვურჩევ, რომ სანამ რუსთაველზე ფეხს დაადგამენ, დიდი პლაკატი დაიჭირონ და "დიდი ბოდიში" დააწერონ ზემოდან იმისთვის, რაც მათ წლების მანძილზე ზუსტად მანდ, რუსთაველზე გააკეთეს" - განაცხადა სესიაშვილმა თეორემაში.

კომენტარები