თავდაცვის სამინისტრო

ალასანია: სოლიდური პოლიტიკური ძალის იმიჯის დაზიანება უნდათ, რაც არ გამოუვათ

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში მისი მოთხოვნით შევიდა. 
როგორც ალასანიამ აღნიშნა, პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ, "სოლიდური პოლიტიკური ძალის იმიჯის დაზიანებას" ემსახურება, რასაც, მისი თქმით, ვერ მოახერხებენ.

"აუდიტის სამსახური ჩემი მოთხოვნით შემოვიდა თავდაცვის სამინისტროში. ეს არის ნორმალური პროცესი, რომ სისტემური პრობლემები, რომლებიც სისტემაში იყო მანამდე, ვიდრე ჩვენ მოვდიოდით, გამოგვესწორებინა. ეს მუშაობა მიმდინარეობდა და მე არ ვიცი, უკვე დაასრულეს თუ არა. ძალიან კარგია, რომ ღიად განხილვა იქნება პარლამენტში. ყველა დაინახავს, თუ რას ჰქონდა საქმე თავდაცვის სამინისტროში. ეს იყო ყოველდღიური გაუმჯობესება. აქცენტი გადასული იყო იმაზე, რომ სისტემური პრობლემები თავდაცვის სამინისტროში მოგვარებულიყო. ბუნებრივია, იქითკენ მიდის ყველაფერი, რომ უნდათ ერთ-ერთი სოლიდური პოლიტიკური ძალის პოლიტიკური იმიჯის დაზიანება, მაგრამ ეს მათ არ გამოუვათ, რადგან მე თავდაცვის მინისტრობამდეც მაქვს ძალიან დიდი წარსული საჯარო სამსახურში. ყველამ კარგად იცის, მათ შორის, იმ ჩემმა თანამშრომლებმა, ვისთანაც მიმუშავია სხვადასხვა უწყებებში, რა პრინციპებით და ღირებულებებით ვხელმძღვანელობ, ამიტომ ამას ისინი ვერ დააზიანებენ. როგორც კი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, განსაჯაროვდება ეს საქმეები, საზოგადოება ნათლად დაინახავს თუ რა დიდ ფუნდამენტალურ პრობლემასთან გვაქვს ჩვენს ქვეყანაში საქმე. ეს არის არა სამართლიანი კანონების ნება, არამედ, ეს არის ერთი კაცის ნება", - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურმა მასალები პროკურატურას გადაუგზავნა, რის საფუძველზეც, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. პროკურატურა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე არ საუბრობს. აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას თქმით კი, მასალები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მისივე განმარტებით, საქმე ე.წ. კაბელებისა და ჯარისკაცების მოწამვლის საქმეებს არ ეხება. ცნობილი გახდა ისიც, რომ აუდიტის სამსახური პარლამენტს თავდაცვის სამინისტროში 2011, 2012 და 2013 წლებში ჩატარებული შესყიდვების შემოწმების მასალებს მიაწვდის.

მასალების გადაგზავნა აუდიტის სამსახურს გუშინ უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ სთხოვა. დეპუტატის თქმით, მაშინ როცა საუბარია იმაზე, რომ პროკურატურა თავდაცვის სამინისტროში არსებულ ფაქტებს ცალმხრივად ან მიკერძოებულად იკვლევს, კონტროლის პალატას მასალების ნახვა საინტერესოა.

ირაკლი ალასანია რუსთავი 2-თან საუბარში პარლამენტის მიერ აუდიტის სამსახურისგან თავდაცვის სამინისტროში ჩატრებული შემოწმების მასალების მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ამას პოლიტიკური სარჩული აქვს". 

აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვის სამინისტროს შემოწმებისა და აქ შესაძლო დარღვევების შესახებ კომენტარი იუსტიციის მინისტრმაც გააკეთა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ სამინისტროს შემოწმება ჩვეულებრივი პროცესია.

კომენტარები