თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები

პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებზე კიდევ ერთ საქმეს იძიებს

კიდევ ერთი გამოძიება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებზე - ის, რომ აუდიტის სამსახურის გადაგზავნილი მასალების საფუძველზე გამოძიება დაწყებულია, ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს. უწყება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურმა მასალები პროკურატურას გადაუგზავნა. სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას თქმით, მასალები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მისივე განმარტებით, საქმე ე.წ. კაბელებისა და ჯარისკაცების მოწამვლის საქმეებს არ ეხება. ცნობილი გახდა ისიც, რომ აუდიტის სამსახური პარლამენტს თავდაცვის სამინისტროში 2011, 2012 და 2013 წლებში ჩატარებული შესყიდვების შემოწმების მასალებს მიაწვდის.

მასალების გადაგზავნა აუდიტის სამსახურს გუშინ უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ სთხოვა. დეპუტატის თქმით, მაშინ როცა საუბარია იმაზე, რომ პროკურატურა თავდაცვის სამინისტროში არსებულ ფაქტებს ცალმხრივად ან მიკერძოებულად იკვლევს, კონტროლის პალატას მასალების ნახვა საინტერესოა.

ირაკლი ალასანია რუსთავი 2-თან საუბარში პარლამენტის მიერ აუდიტის სამსახურისგან თავდაცვის სამინისტროში ჩატრებული შემოწმების მასალების მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ამას პოლიტიკური სარჩული აქვს". 

აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვის სამინისტროს შემოწმებისა და აქ შესაძლო დარღვევების შესახებ კომენტარი იუსტიციის მინისტრმაც გააკეთა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ სამინისტროს შემოწმება ჩვეულებრივი პროცესია.

კომენტარები