ვაშაძე: სამართალდამცველები მძღოლებს აფრთხილებენ, არ ჩამოიყვანონ ხალხი აქციაზე

BPN.GE

ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომლები და სამართალდამცველი ორგანოები სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მეპატრონეებს აფრთხილებენ, არ ჩამოიყვანონ 15 ნოემბერს ხალხი თბილისში.

"დღეს ვიღებთ ინფორმაციას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, კონკრეტულად სუს-ის თანამშრომლები და სამართალდამცველი ორგანოები აქტიურად აფრთხილებენ და გუშინ ღამით ოჯახებშიც კი დაუარეს სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მეპატრონეებს, რომ მათ არ ჩამოიყვანონ ხალხი 15 ნოემბერს თბილისში. განსაკუთრებით აქტიურობა არის ზუგდიდში, მთლიანად სამეგრელოში, ასევე შიდა ქართლში. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ხელს უწყობდეს მსგავსი ტიპის აქციის ჩატარებას, რადგან ეს აქცია ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს აქცია ეხება აფხაზეთს, ეს აქცია ეხება სამაჩაბლოს.

ხმამაღლა გვინდა, მთელს მსოფლიოს გავაგონოთ, რომ ჩვენ არ შევურიგდებით იმ ანექსიის პროცესს, რომელიც უკვე დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და იმ პროცესს, რომ მათ გაუფორმონ ხელშეკრულება აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ენგურზე საბაჟოს და საზღვრის გადმოტანას რუსეთისას ჩვენ არ შევეგუებით. ამის სანაცვლოდ, ხელისუფლება ხელს უშლის ამ პროცესს.

ეს არ არის ლოგიკური, ეს არ არის, სამწუხაროდ, ნორმალური, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს 15-ში ყველანი შევიკრიბოთ ვარდების მოედანზე და ფეხით მშვიდობიანი, ერთდღიანი მსვლელობა გავაკეთოთ რუსთაველისკენ. 

საინტერესოა, რომ დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე არცერთი სიტყვა არ თქმულა იმ ხელშეკულებასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი აფორმებს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან. ესეც ჩვენი დიპლომატიის სერიოზული სირცხვილი და დანაშაულია.

ყველას მოვუწოდებ, 15-ში მოვიდეს რუსთაველზე და ერთად გავაგონოთ მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი და ამ ერთიანობას არ დავთმობთ არასდროს", - თქვა ვაშაძემ.

კომენტარები