"ვიღაცები მცდარი ინფორმაციით კვებავენ ყოფილ პრემიერმინისტრს", - თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროს საკვებით "ნაციონალური მოძრაობის დროინდელი კომპანია" ამარაგებდა. ალასანიას თქმით, ეს არის აბსოლუტურად მცდარი ინფორმაცია.
"გარდა ამისა, მე მართლაც შეშფოთებული ვარ იმით, რომ ყველამ მოირგო პროკურორის მანტია. როდესაც გაიხსნება სასამართლო, საქმეებზე გრიფი მოიხსნება, ყველა კარგად დაინახავს, რომ კანონის გარდა არაფრით არ ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტრო", - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ ყველა იმ უწყებაში, სადაც თავისუფალი დემოკრატები იყვნენ, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა. ამასთან, ალასანიას თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში თავდაცვის სისტემაში კვება გაუმჯობესდა.
"კვება როგორ გაუმჯობესდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახებმა კარგად იციან. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ იმაში, რომ ღირსეული კვება ჰქონდეთ ჯარისკაცებს და შესაბამისი შეიარაღება ჰქონდეთ. რაც მთავარია, ჯარში მოტივაცია არის მაღალი და ეს არის დამსახურება ამ ორი წლის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გვეყოს სახელმწიფოებრივი აზროვნება, ნუ დავაზიანებთ იმ ინსტიტუტებს, რომლისთვისაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყველაფერი გაგვემართა. საქართველოში ყოველთვის იქნება მოსაზრება, რომ რაღაცა არ კეთდებოდა სწორად, ვიღაცამ დააკლო მცდელობა, მაგრამ ცალსახად მინდა ვთქვა, რომ იმ უწყებებში, სადაც თავისუფალი დემოკრატები ვიყავით, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა", - განაცხადა ალასანიამ.





