პენსიის რაოდენობის ზრდა

ნაციონალური მოძრაობა პენსიის ზრდას 2015 წლის 1-ლი იანვრიდან ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პენსიის ზრდას 2015 წლის 1-ლი იანვრიდან ითხოვს. ამასთან, ყველა ასაკით პენსიონერისთვის პენსიის ზრდის გარეშე 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება საპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელია. როგორც პარტიის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, "ბიძინა ივანიშვილის დაპირებული 220-ლარიანი პენსია მისი მმართველობის მესამე წელსაც კვლავაც განუხორციელებელ ოცნებად რჩება". ენმ აღნიშნავს, რომ ბოლოს ასაკობრივი პენსიის ზრდა პარლამენტმა, “ნაციონალური მოძრაობის მიერ დატოვებული ბიუჯეტის ხარჯზე, 2012 წელს დაამტკიცა და პენსია 150 ლარი გახდა".

საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, "იმის გამო, რომ ეკონომიკური ზრდა შეჩერდა, სახელმწიფო ბიუჯეტი არ იზრდება, მთავრობა დანაპირებს ვერ ასრულებს, ხოლო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვას ყოველწლიურად მილიარდიანი ვალის აღებით აპირებს". ენმ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 687,000 ადამიანია.

"მთავრობა აცხადებს, რომ პენსია არა ყველას, არამედ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს გაეზრდებათ და არა 2015 წლის 1-ლი იანვრიდან, არამედ 1-ლი სექტემბრიდან. ქვეყანაში სოციალურად დაუცველი დაახლოებით 105,000 ასაკით პენსიონერია. 2015 წლის 1 სექტემბრიდან მათთვის 25 ლარით პენსიით მომატების ხარჯი სულ რაღაც 10.5 მლნ ლარია. ყველა ასაკით პენსიონერისთვის პენსიის ზრდის გარეშე 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის მიუღებელია", - ზურაბ აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, 2015 წლის 1-ლი სექტემბრიდან "პენსია სოციალურად დაუცველებისთვის 25 ლარით გაიზრდება". მისივე თქმით, პენსიის ზრდა 2016 წელსაც იგეგმება, რომელიც ყველა კატეგორიის პენსიონერს შეეხება. ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პენსიების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო. მისი თქმით, თუ 2015 წელს პენსია გაიზრდება, მაშინ ეს საგარეო ვალის ხარჯზე მოხდება.

კომენტარები