კრიზისი კოალიციაში

პრემიერი: ფანჯიკიძემ ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა სოლიდარობა და არა ქვეყნის

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა სოლიდარობა და არა ქვეყნის. პრემიერი ალექსი პეტრიაშვილის და მაია ფანჯიკიძის გადადგომას დღევანდელ ბრიფინგზე გამოეხმაურა, სადაც თავდაცვის ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე წარადგინა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს უახლოეს მომავალში დაასახელებს.

"ჩვენ ველოდით ამას, რომ იგივე ალექსი პეტრიაშვილი, ქალბატონი მაია ფანჯიკიძე დატოვებდნენ ამ თანამდებობას, თუმცა მე ნამდვილად ვწუხვარ, რომ ქ-ნმა მაიამ თავისი ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა სოლიდარობა და არა ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ, ეს არის ძალიან პრინციპული ჩემთვის. თუმცა, რა ვქნათ, ეს არის მათი არჩევანი და უფლება, ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას და ჩვენ ვაგრძელებთ წისვლას. მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ ძალიან სპეკულირებენ, მე მოვისმინე განცხადებები, რომ თითქოს, 2012 წლის არჩევანი და ქართველი ხალხის გამარჯვება... 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. ეს არ უკავშირდება თავისუფალ დემოკრატებს ცალკე აღებულს და, მით უმეტეს, ირაკლი ალასანიას და მის გუნდს. თავისუფალ დემოკრატებში არიან ღირსეული ადამიანები, ისინი არიან ძალიან კარგი ადამიანები, მე მინდა, რომ მათთან ერთად გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, მაგრამ თუ ისინი გააკეთებენ არჩევანს ქვეყანასა და პიროვნებას შორის, ეს მათი არჩევანია. დაე, მათ აირჩიონ, თუ უნდათ, ალასანია, რომელმაც აბსოლუტურად გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა და, მე ვიტყოდი, შეურაცხმყოფელი ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი ხალხისთვის, რომლის არჩევანიც არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ აბსოლუტურად ვართ მობილიზებული, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, არაფერი არ იცვლება რეალურად", - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები