ფარული მოსმენები

ზაქარეიშვილი ვეტოზე: იმედია, შსს-ს საქმიანობა პარალიზებული არ იქნება

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მოსმენების შესახებ კანონპროექტის გადავადებაზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, იმედოვნებს, რომ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, შსს-ს საქმიანობა პარალიზებული არ იქნება.

"რა თქმა უნდა, პრეზიდენტს უფლება აქვს კანონპროექტებს დაადოს ვეტო, მაგრამ, ალბათ, გათავისებული აქვს ის რისკები, რაც ამ ხნის განმავლობაში შეიძლება, იყოს სახელმწიფოში. სახელმწიფოს ბევრი გამოწვევები აქვს. პირველ რიგში, სამეზობლოში. ალბათ სერიოზული კონსულტაციები ჰქონდა და ისე მიიღო გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა არ იქნება პარალიზებული", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსმენების შესახებ კანონპროექტის გადავადებას ვეტო დაადო. მისი თქმით, ხელისუფლება სწრაფად უნდა იღებდეს იმ კანონებს, რომლებზეც საზოგადოებაში სრული კონსენსუსია.

ამასთან, პრეზიდენტმა კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტს შენიშვნებით დაუბრუნა გუშინ მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი. პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი კანონის პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტმა ფარულ მოსმენებზე კანონპროექტი 1 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, სწორედ 1 დეკემბრამდე ექნება შსს-ს ე.წ. გასაღებზე წვდომის უფლება.

აღსანიშნავია, რომ თუ პარლამენტმა ვეტოს დაძლევა გადაწყვიტა, ამისთვის 76 ხმა დასჭირდება.

ცნობისთვის, პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები 65 ხმით 31-ის წინააღმდეგ გავიდა. პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი პირველი აპრილის ნაცვლად, 28 თებერვლამდე უნდა მოემზადებინა და დაემტკიცებინა. კანონპროექტისთვის პრეზიდენტს ხელი დღეს უნდა მოეწერა, თუმცა, მან ვეტო დაადო.

პარლამენტმა 1 აგვისტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტი ისე მიიღო, რომ ღიად დარჩა საკითხი, ვის ხელში უნდა იყოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ე.წ. გასაღები. პარლამენტს 2014 წლის პირველ ნოემბრამდე ჰქონდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის დამტკიცების ვადა, თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილებით, ეს ვადა 28 თებერვლამდე გადაიწია.

კომენტარები