ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

უშიშროების საბჭოს ხვალინდელ სხდომას პრემიერიც დაესწრება

primetimenews.ge

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სხდომას დაესწრება ყველა ის მინისტრი, რომელიც საქართველოში იმყოფება. ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში არ არიან და, შესაბამისად, ისინი სხდომას ვერ დაესწრებიან.

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ე.წ. ხელშეკრულების თაობაზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ხვალ, 28 ოქტომბერს, 18:00-ზე, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება. 

უშიშროების საბჭოს ხვალინდელ სხდომასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პრემიერმინისტრის პრესსამსახურმაც.

"საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმებით.
ე.წ. ხელშეკრულების საკითხის გარშემო გაიმართა არაერთი შეხვედრა, როგორც მთავრობის წევრებს შორის, ასევე უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს ფორმატში. საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებებს, უცხოეთში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს მიეცათ კონკრეტული დავალებები. ინფორმაციები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაეგზავნათ საქართველოში მოქმედ უცხოურ დიპლომატიურ მისიებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას დაეთმობა", - წერია განცხადებაში.

კომენტარები