მოკლული ტაქსის მძღოლის ოჯახის წევრები ზუგდიდში პოლიციასთან აქციას მართავენ და ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური გზატკეცილის გადაკეტვა სცადეს.
"ორჯერ ნასამართლევი რომ გამოუშვეს, რა გარანტია მაქვს, რომ ხვალ ჩემს შვილს არ მოკლავს? სახალხოდ უნდა ჩაიქოლოს", - აცხადებს რუსთავი 2-ის ცნობით, მოკლულის ძმა.
ტაქსის მძღოლი ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელის ვინაობა უკვე დადგენილია და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი მძღოლისთვის თანხის გადაუხდელობა იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტაბულასთან საუბარში უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამნისტირებული პატიმარია. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





