სტატუსშეჩერებული სტუდენტები

ვოლსკი: სტუდენტის სტატუსის შეჩერებაზე თავისუფალი ზონის წევრები საუბრობენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის ინფორმაციით, სტუდენტები, რომლებიც სტუდენტის სტატუსის შეჩერების პრობლემაზე საუბრობენ, ორგანიზაცია თავისუფალი ზონის წევრები არიან. როგორც ვოლსკიმ პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ენმ სხვადასხვა მიმართულებით დეზინფორმაციის შეტანას ცდილობს და ამ მხრივ ახალგაზრდებშიც მუშაობს. 

"ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სტუდენტებთან მუშაობაა - სტუდენტების წიაღში ისეთი ადამიანების აღმოცენება, რომელიც გამოვლენ და იტყვიან, რომ სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს. სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ ეს სტუდენტები თავისუფალი ზონის წარმომადგენლები არიან. აღმოჩნდა, რომ იტყუებიან. ტენდენცია, რომელიც 2013 წლიდან დაიწყო, არის პირიქით - სტატუსშეჩერებული სტუდენტების უკან დაბრუნება. დეზინფორმაციის უშველებელი დიდი ტალღაა, რათა გარკვეული ეჭვები ახლა სტუდენტებში შეიტანონ, არადა, უამრავი სასიკეთო რამ გაკეთდა", - თქვა ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, სტატუსი 38 000-ზე მეტ სტუდენტს შეუჩერდა. მათი განცხადებით, 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა 11 000-ზე ოდნავ მეტ სტუდენტს. 2013 წლის იანვარში - 22 000 სტუდენტს. 2013 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით - 28 000-ზე მეტს (მათ შორის 8 000-ზე მეტს ფინანსური დავალიანების გამო). 2014 წლის იანვრისთვის - 33 000-ზე მეტს (მათ შორის 11 000-ზე მეტს ფინანსური დავალიანების გამო). ენმ მოუწოდებს მთავრობას, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 2015 წლის ბიუჯეტში მიზნობრივად განისაზღვროს 10 მლნ ლარი. 

კომენტარები