ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

სასამართლომ ევროსაბჭოს რეზოლუცია ახალაიას საქმის მტკიცებულებად არ მიიღო

ShutterStock

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მტკიცებულებად არ მიიღო. დღევანდელ პროცესზე აღნიშნული რეზოლუციის მტკიცებულებად დართვის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. პროკურატურა ამის წინააღმდეგი იყო. 

როგორც პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განაცხადა, რეზოლუცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს, არ მოიცავს საქმეზე არსებულ ფაქტების შესახებ ინფორმაციას და, შესაბამისად, საქმეზე მისი დართვა სწორი არ იქნებოდა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა კი აღნიშნა, რომ ევროსაბჭო არის პოლიტიკური ორგანო და ის ვერ ხედავს საქმეზე რეზოლუციის დართვის საფუძველს. 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეს მტკიცებულებად დაერთო. მაშინ პროკურორმა განაცხადა, რომ დოკუმენტს შემხებლობა არ აქვს საქმესთან და რეკომენდაციის ხასიათს ატარებს. მოსამართლის განმარტებით კი, დოკუმენტი საქმესთან უშუალო შემხებლობაში არ არის, თუმცა ირიბად უკავშირდება ბრალდებულებს, ვინაიდან მოხსენიებულები არიან. მოსამართლის განცხადებით, დოკუმენტი გავლენიანმა ორგანიზაციამ მიიღო და რადგან ბრალდებულებს უშუალოდ ახსენებენ, არ არსებობს წინაპირობა, რომ იგი საქმეს არ დაერთოს. 

კომენტარები