ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი წარმომადგენლები არა მხოლოდ ქართველი ჟურნალისტების, არამედ ამერიკელი ჟურნალისტების პროფესიონალიზმსაც აყენებენ ეჭვქვეშ". ჭიაბერაშვილი აშშ-სთვის სირიელი მეამბოხეების საქართველოში გაწვრთნის შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, "ის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რაც გაკეთდა ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს მხრიდან, აქ თავდაცვის სამინისტროდან, მერე პარლამენტარების და სხვადასხვა უწყებების მხრიდან, ცალსახად მოწმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არაკოორდინირებულია". ჭიაბერაშვილის განცხადებითვე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სწორედ ამიტომ ამბობს, "რომ ასეთი ხელისუფლების პირობებში ნებისმიერი იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს სამხედრო ტიპის ასეთ თანამშრომლობას, ნამდვილად სარისკოა".
ამერიკულმა გამოცემამ Foreign Policy-მა 23 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ აშშ-ს ისლამისტების წინააღმდეგ საწვრთნელი ცენტრის საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა შესთავაზა. გამოცემას ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალჩინოსნისგან მოიპოვა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ დაუდასტურა. მოგვიანებით, ელჩმა ეს ინფორმაცია უარყო და ჟურნალისტის შეცდომას მიაწერა. ტაბულასთან საუბარში ჟურნალისტის შეცდომა Foreign Policy-ს რედაქტორმა გამორიცხა.
საქართველოს ინიციატივის შესახებ ინფორმაცია Reuters-ზე დაყრდნობით New York Times-მაც გაავრცელა. სანამ აღნიშნულის შესახებ დასავლურ მედიაში დაიწერებოდა, საქართველოს შეთავაზებაზე სირიელი ამბოხებულების გაწვრთნის შესახებ ინფორმაცია ტაბულა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. მაშინაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინფორმაცია უარყვეს.





