აშშ-საქართველოს ურთიერთობა

მინაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავებას ქართული ოცნება აფერხებს

რადიო "თავისუფლება"

აშშ-თან, NATO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაღრმავებას ქართული ოცნების ნეგატიური პოლიტიკა აფერხებს, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

”აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ნებისმიერი დაახლოება, მათ შორის ის დოკუმენტი, რომელიც იყო მიღებული აშშ-ის სენატის მიერ, არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პოლიტიკური წინსვლისთვის. თუმცა ქართული ოცნება ამ ორი წლის განმავლობაში შემაფერხებელი აღმოჩნდა. რომ არა ქართული ოცნების არასწორი პოლიტიკა, რომ არა მათი პოლიტიკა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ, ბუნდოვანი გზავნილები უკრაინის მხარდასაჭერად, კიდევ უფრო მეტი წინსვლა და გაღრმავება შეიძლებოდა ურთიერთობების, როგორც აშშ-თან, ასევე NATO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ჩვენ წინ მივიწევთ, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი დავკარგეთ იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას ძალიან ნეგატიური პოლიტიკა ჰქონდა. ამ არასწორი პოლიტიკის დამადასტურებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც პირდაპირ საუბრობს, რომ ქვეყანაში არის სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული ადამიანების, ოპოზიციის წინააღმდეგ”, - განაცხადა მინაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ჩამოთვლილი ქვეყნები შეერთებული შტატების NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსს მიიღებენ. ამის შესახებ საუბარია უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერ აქტში, რომლის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, აშშ-ს შესაძლებლობა ექნება, რუსულ სამხედრო და ენერგო კომპანიებს სანქციები დააკისროს და უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს. კანონპროექტი, ასევე, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის მომდევნო სამი წლის განმავლობაში $10 მილიონის გამოყოფას გულისხმობს.

კომენტარები