კრიზისი უკრაინაში

რადა აღმოსავლეთ რეგიონების განსაკუთრებულ სტატუსს განიხილავს

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ზოგიერთი რაიონის დროებითი სტატუსის შესახებ კანონპროექტი წარადგინა. ამ კანონის მიღებას მინსკში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებდა. დროებითი რეჟიმი 3 წლით უნდა დაწესდეს და რეგიონში რიგგარეშე ადგილობრივი არჩევნების ჩატარებასაც ითვალისწინებს. პროექტი ასევე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა ამნისტიას გულისხმობს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ქვეყნის აღმოსავლეთში სროლა ისევ გრძელდება. ქალაქ დონეცკში საცხოვრებელი უბნების დაბომბვის შედეგად გასულ დღე-ღამეში 6 ადამიანი დაიღუპა. კიევი ამაზე პასუხისმგებლობას ტერორისტებს აკისრებს.

"გუშინ ტერორისტებმა და რუსმა სამხედროებმა დონეცკის კუიბიშევისა და კიევის რაიონები არტილერიით დაბომბეს. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. რამდენიმე სახლი დაზიანდა. კიევის რაიონში ეუთოს მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები მივიდნენ, რის შემდეგაც დაბომბვა შეწყდა", - განაცხადა უკრაინის უშიშროების საბჭოს სპიკერმა ანდრეი ლისენკომ.

კომენტარები