ფარული მოსმენები

პრემიერი: ვვარაუდობთ, რომ ენმ-ს მოსმენის ტექნიკური საშუალებები ახლაც აქვს

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

"თქვენ მოსმენები გამოყავით მაინცდამაინც, იქ ძალიან საინტერესო საუბრები აქვს ბატონ ბიძინას, ძალიან საინტერესო აქცენტები აქვს სხვადასხვა მნიშვნელოვან და მიმდინარე ამბებზე, მაინცდამაინც მოსმენებმა რომ დაგაინტერესათ, ეგ არის საინტერესო", - განუცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის განცხადების - "ტელეფონებზე კვლავაც გვისმენენ, მათ შორის - მეც", შეფასება სთხოვეს. კითხვაზე, ახალი ხელისუფლების პირობებში რატომ არის იმის წარმოდგენა, რომ ისევ უსმენენ, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ სავარაუდოდ, წინა მთავრობის წარმომადგენლებს მოსმენის ტექნიკური საშუალებები ახლაც აქვთ.

"მოსმენებზე, ანუ ეს არის ის, რაც მე საზოგადოებას განვუმარტე, არა მხოლოდ მე, არამედ ჩვენმა მთავრობამ. სამწუხაროდ, არსებობდა საშუალებები, რომლებიც შემოიტანეს და შეიძინეს წინა მთავრობის დროს და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და დიდი ვარაუდი არსებობს იმისა, რომ ეს საშუალებები მათ ჯერ კიდევ აქვთ, მათ ხელში არის ეს საშუალებები. ამაზეა საუბარი და ამაზე ჰქონდა მინიშნება ბატონ ბიძინასაც", - თქვა პრემიერმა.

კითხვაზე, "კონტროლის საშუალება არ არსებობს?", ღარიბაშვილი პასუხობს, რომ "კონტროლის საშუალება... სამწუხაროდ, ჩვენამდე მოხდა ამ საშუალებების საქართველოში შემოტანა, ეს არის ე.წ. გადასატანი პორტატული აპარატურა. მოსმენები დღევანდელ მსოფლიოში არის ძალიან გამარტივებული, იგივე, მობილურ ოპერატორებს შეუძლიათ მოსმენა ძალიან თავისუფლად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, იგივე, ხელისუფლებას, თუ მას პოლიტიკური ნება აქვს და, მე როგორც აღვნიშნე უკვე, ამ გადასატანი პორტატული აპარატურით".

კითხვაზე, "ბიძინა ივანიშვილსაც უსმენენ, როგორია თქვენი შეფასება"?, პრემიერი აღნიშნავს, რომ არ სურს, მისგან მოისმინონ ის, "რაც ბატონმა ბიძინამ თქვა ამ ინტერვიუში". ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილმა ძალიან კარგად და მკაფიოდ განმარტა, რომ იყო საუბარი ერთ-ერთ მის იდეასა და პროექტზე, რომლის შესახებაც არავინ იცოდა.

"აღმოჩნდა ისე, რომ რამდენიმე ხანში ნაციონალური  მოძრაობის აქტიურმა მხარდამჭერებმა და მათმა ერთ-ერთმა ტელევიზიამ, სახელსა და გვარს არ დავასახელებ, ამას გადაცემა მიუძღვნა. ამაზეა საუბარი", - თქვა პრემიერმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, "ჩემი სავარაუდო ჟურნალისტობის თემა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც". როგორც ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან საუბარში აღნიშნა, "სავარაუდო ჟურნალისტობაზე აბსოლუტურად განსჯის სახით ვესაუბრებოდი ვიღაცას და მეორე დღეს ჟორჟოლიანმა ეს ტელევიზიით გადმოსცა".

კითხვაზე, "ვინ გისმენთ?", ივანიშვილი პასუხობს, რომ "არ ვიცი, რა და როგორ არის". დამატებით კითხვაზე - "ვინ შეიძლება, გისმენდეთ?", ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ "ის, ვისაც ეს ხელწერა ჰქონდა. თუ გახსოვთ, "ვერის უბნის მელოდიებში არის ასეთი ეპიზოდი", ქურქი სად არისო და კარგად იცი, სადაც უნდა ეძებოვო. 9 წლის განმავლობაში ეს ხალხი (ნაციონალები) ძირითადად ამას აკეთებდა და ამაზე ჰქონდა აგებული ყველაფერი. თუ გვისმენენ, ალბათ, ისევ ესენი გვისმენენ. თუმცაღა ისევ მათი მხრიდან ისმის კრიტიკა, რომ მოსმენებს დღევანდელი მთავრობა ახორციელებს. არადა, არცერთი მაგალითი არ დაუსახელებიათ, ამას მე დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს და ჩემთვის კატასტროფა იქნება, თუ მსგავსს გაიმეორებდა დღევანდელი მთავრობა". 

ბიძინა ივანიშვილის თქმითვე, "შეიძლება მართლაც მოხდეს ისე, რომ მე გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი ვიყო, თუმცა, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ. სულ ორი-სამი დღის დაწყებული იყო ეს საუბრები და უეცრად ეს ამბავი ტელევიზიით გადმოსცეს, რამაც გამაოცა. ვიმეორებ - შესაძლოა, ასეც მოხდეს, ოღონდ დაბალი ალბათობით".

კომენტარები