მამიკინსის ვიზიტი საქართველოში

მამიკინსი: იმედია, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება დეკემბერში მოხდება

diena.lv

ვიმედოვნებ, რომ ევროპარლამენტი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დეკემბერში განახორციელებს - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოზე მომხსენებელმა ანდრეს მამიკინსმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა.

დღეს თბილისს, ორდღიანი ვიზიტით ევროპარლამენტში საქართველოზე მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი ეწვია. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს. საუბარი ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებსა და გასატარებელ რეფორმებს შეეხო. მხარეებმა ასევე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები განიხილეს. პრემიერმინისტრის განცხადებით, აღნიშნული ვალდებულებების შესრულება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის: მართლმსაჯულება, სიტყვისა და მედიის თავისუფლება, რეგიონული თემები, ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები. საქართველო არის ძალიან ევროპული სახელმწიფო, საუკუნეების განმავლობაში თქვენ წარმოადგენთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილს. ვიმედოვნებ, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დეკემბრის თვეში განახორციელებს ევროპარლამენტი. ჩემი პოზიციაა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, - განაცხადა ანდრეს მამიკინსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ანდრეს მამიკინსმა უკვე გამართა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ესწრებოდა. მისი თქმით, საუბრის მთავარი თემა საქართველოში გატარებული დემოკრატიული რეფორმები იყო.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ანდრეს მამიკინსი საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან.

კომენტარები