უელსის სამიტი

საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას შეხვდა

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფრანგ კოლეგას ფრანსუა ოლანდს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, "საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივა იყო. ქვეყნის პირველი პირი ფრანგმა კოლეგამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება პარტნიორი ქვეყნების მხრიდან და აღნიშნა, რომ საფრანგეთიც და მოკავშირეებიც მხარს უჭერენ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას. მისი თქმით, უელსის NATO-ს სამიტი ამის ახალი ბიძგი გახდება.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანსუა ოლანდს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლიერება გამოხატა იმ წვლილისთვის, რომელიც ევროკავშირის მისიის ფარგლებში ქართველ სამხედროებს ცენტრალურ აფრიკაში შეაქვთ. ლიდერებმა ორმხრივ ურთიერთობაზეც იმსჯელეს და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-საფრანგეთის თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების აუცილებლობა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების კონკრეტული მექანიზმები. საუბარი შეეხო უკრაინაში შექმნილ ვითარებას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც", - წერია პრესსამსახურის პრესრელიზში.

კომენტარები