მიხეილ სააკაშვილის საქმე

ელჩი: მიხეილ სააკაშვილი კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე.

ინტერპრესნიუსთან საუბარში ბაქრაძემ განაცხადა, რომ კუნძულ სამოსზე ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი იახტა ორშაბათს, 1 სექტემბერს, 18:00 საათზე შევიდა.

"ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სასაზღვრო კონტროლის დროს მიხეილ სააკაშვილის პასპორტის შემოწმებისას გამოჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მხარის მიერ შესულია მოთხოვნა პირის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ პროცედურები დასრულებული არ არის, საბერძნეთს არ ჰქონდა პირის დაკავების საფუძველი. მათივე თქმით, გემი კუნძულზე ოთხი საათით დააყოვნეს, რის შემდეგაც უკან გაბრუნდა თავისი ეპიკაჟის შემადგენლობით. ეს არის საბერძნეთის სამართალდამცავების, კერძოდ კი, სამოსის პოლიციის განყოფილების უფროსისგან მიწოდებული ინფორმაცია", - განაცხადა ბაქრაძემ.

ექსპრეზიდენტის საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საკითხზე კომენტარი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა. წულუკიანის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობს პროკურატურა, შესაბამისად, მისთვის არ არის ცნობილი, თუ რა ნაბიჯებია გადადგმული მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

„ამაზე მუშაობს საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი პროკურატურა, აქედან გამომდინარე, ეს კითხვაც, რა თქმა უნდა, მათ ეკუთვნით. ამაზე პროკურატურა მუშაობს და ჩემთვის არ არის ცნობილი, რა ნაბიჯებია გადადგმული", - განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადების გავრცელებას აპირებს.

კომენტარები